ახალი ამბები

რა მოუტანა თელავს ორად გაყოფამ – რეფორმის შედეგი

თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თელავის მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ქალაქ თელავის მერის პლატონ კამლახელიძეს თქმით, თელავის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბებამ  მოსახლეობას თვითმმართველობის საქმიანობაში მეტი ჩართულობის საშუალება მისცა.

,,თვითმმართველი ქალაქის გამოყოფამ მოსახლეობას მისცა ბერკეტი უშუალოდ თავად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. ამ ეტაპზე დასასრულებელია მხოლოდ საზღვრების დადგენის პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს  მთავრობასთან, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული საზღვრების დადგენაზე იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისი კომისია მუშაობს. თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელის აზრით, თელავის ორად გაყოფა აუცილებელი იყო. მისივე თქმით, ქალაქის და სოფლის პრობლემები განსხვავებულია ერთმანეთისგან, შესაბამისად მათი ერთობლივად მართვა რთულია. დავით ნაპირელის თქმით, მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შემდეგ  თვითმმართველობის მუშაობაუფრო მოქნილი გახდა.

,,თელავში ეს პროცესი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის დასრულდება. მოხდება ქალაქის და მუნიციპალიტეტის საზღვრების დადგენა, რომელიც შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად რაც მოხდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით და საკრებულოს დადგენილებით. დღეისმდგომარეობით თელავში საზღვრები მონიშნულია, მაგრამ ამ პროცესის დასრულებამდე თუ იქნება რამე ხარვეზი, მოხდება მისი აღმოფხვრა. რეგიონული განვითარების სამინისტროს უკვე გაკეთებული აქვს მონახაზ, მოხდება მხოლოდ დაზუსტება და შეთანხმება, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ასევე მერიასთან. ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომიტეტებთან, ვაწვდით ჩვენს მოსაზრებებს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გართულება ან ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, ერთობლივად გამოსწორდება. ჩემი აზრით, ორად გაყოფის შემდეგ  უფრო მოქნილი გახდა მუნიციპალიტეტის მუშაობა და მეტად აქვს ხალხთან ურთიერთობის საშუალება. მანამ, სანამ თელავი ორად გაიყოფოდა, ქალაქის პრობლემები უფრო გვარდებოდა, ვიდრე სოფლების. სოფლის მოსახლეობას სათანადო ყურადღება ვერ ექცეოდა, ახლა კი მათი კეთილდღეობისთვის და სოფლის განვითარებისთვის გაცილებით მეტი თანხა იხარჯება ვიდრე ადრე. გაყოფის შემდეგ ჩვენ პირველ წელსვე შევძელით იყალთოს ზონის სოფლებიდან მყარი ნარჩენების გატანა და ყველა სოფელს სრულად მოვიცავთ. გარდა ამისა, თანდათანობით ის პრობლემები, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, ერთ წელში შევძელით მათი გადაჭრა’’,- განაცხადა დავით ნაპირელმა.

ქალაქ თელავის და სოფლების მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის პროცესს ამ ეტაპზე დადებითად აფასებს. მათი თქმით, სოფლებს და ქალაქს  მეტი ყურადღება ექცევა.

,,ჩემი აზრით, თელავის ორად გაყოფა დადებითად აისახა ყველა ადგილობრივზე. ადრე თუ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქალაქებზე იხარჯებოდა, ახლა სოფლების საჭიროებებზეა მორგებული და ვხედავთ, რომ სოფლებში ბევრი რამ კეთდება, რაც დადებითად აისახება ყოველ ჩვენგანზე’’,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრმა ნანა ლალიაურმა.

ქალაქ თელავის მცხოვრების ლიანა გოგოლაშვილის განცხადებით, თელავის გაყოფის შემდეგ ქალაქის საჭიროებები წინა რიგში გადავიდა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო:

,,არის  საკითხები, რომელიც დღემდე მოუგვარებელია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ განხორციელდა სხვადასხვა სახის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და წლების წინ მოუგვარებელი იყო. იმედი გვქვს, რომ ქალაქი უფრო განვითარდება’’, – გვიამბობს ქალაქ თელავის მაცხოვრებელი ლიანა გოგოლაშვილი.

რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა აბულაძე. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თელავმა 1892 წლის შემდეგ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღიდგინა, რაც მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუადვილებს. მამუკა აბულაძის თქმითვე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ადმინისტრაციულ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ცვლილებების გატარებაა:

,,ეს პროცესი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შარშან დაიწყო. თვითმმართველ ქალაქებს კიდევ 7 დაემატა და მათმა რიცხვმა 12 შეადგინა. თელავი, რომელიც თვითმმართველი ქალაქი იყო ჯერ კიდევ 1892 წლიდან, ახლა ფაქტობრივად აღიდგინა ეს სტატუსი და თელაველებს მიეცათ თავიანთი ქალაქის საკრებულოსა და მერის არჩევის უფლება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გატარებული ცვლილებები, ხალხზე დადებითად აისახება. ქალაქის პრობლემები მკვეთრად განსხვავდება სოფლის პრობლემებისგან, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგეობაში მსჯელობენ უკვე სოფლის პრობლემატიკაზე, როგორიც არის წყალსადენები, ნაგვის გატანა, ხოლო ქალაქის საკრებულოში მსჯელობენ კეთილმოწყობაზე, ტროტუარებზე, გამწვანებებზე და სხვა. შესაბამისად, ბიუჯეტი უფრო მიზანმიმართულად, სპეციფიკურად მათ პრობლემებზე იქნება მიმართული. რაც მთავარია, მოქალაქეებს მიეცემათ თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო მეტად ჩართვის საშუალება. დღეს უკვე ქალაქ თელავისა და სოფლების მოსახლეობას საშუალება აქვს თავის რჩეულებს, საკრებულოს წევრებს, გამგებელსა თუ ქალაქის მერს თავისუფლად შეხვდეს, ესაუბროს თავის პრობლემებზე და ბიუჯეტიც უფრო მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე’’,- ამბობს მამუკა აბულაძე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა სიახლე, რომელიც ინერგება, გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის, რომელიც გამოსწორებადია:

,,აღნიშნულ პროცესს კონკრეტულად თელავში დადებითი მხარეების გარდა სირთულეებიც ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და დაძლევადია. დღეისთვის ადმინისტრაციული საზღვარი ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტს შორის დასადგენია. როცა მოხდება საზღვრის დემარკაცია ორივ მუნიციპალიტეტის შეთანხმებით, მსგავსი პრობლემები, რომელიც ახლა იქმნება იმის შესახებ, თუ ვინ ცხოვრობს ქალაქში, ვინ თემში ან ვინ არის პასუხისმგებელი კულტურულ დაწესებულებაზე, თანდათან მუშაობისპროცესში წარმატებით იქნება გადაწყვეტილი. დღეისთვის საზღვართან დაკავშირებული პრობლემა არის და ეს დადგენილებით განსაზღვრულიაკონკრეტული მეტრები და გეოგრაფიული კოორდინატები არ არის ჯერ განსაზღვრული, ამას დემარკაციის სამუშაოების განხორციელება უნდა. მსგავსი სამუშაოები ქალაქ გორსა და გორის თემს შორის დამთავრდა და ჩვენ ვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ შემდეგი სამუშაოები მცხეთასა და თელავში დაიგეგმოს, სადაც შედარებით უფრო პრობლემურია აღნიშნული საზღვრის გატარება. მზადდება საზღვრის დადგენის წესი, რომლითაც იურიდიულად განისაზღვრება, როგორ უნდა გაფორმდეს ეს ჩატარებული სამუშაოები და წელს ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა მოიხსნება’’,აცხადებს მამუკა აბულაძე.

მისივე განმარტებით, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად რეგიონული განვითარების სამინისტროში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა. მისივე თქმით, თვითმმართველობის კოდექსში ,,მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების’’ შესახებ ცალკეულ მუხლებში შედის ცვლილებები, რომელიც მართვაში სხვადასხვა ფორმებით მოქალაქეთა მონაწილეობას გაზრდის. აბულაძის განმარტებით, მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ ფორმების გამოყენებით მიიღოს ინფორმაცია რას საქმიანობს მისი მუნიციპალიტეტი, ასევე, შეეძლება თვითონაც აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში:

,,მაგალითად: სოფლებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი პირი ან საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მათი სახელით დააყენებს პრობლემებს მუნიციპალიტეტში, ასევე, შესაძლებელია გამგებელსა და მერს ჰყავდეს თავისი მრჩეველთა საბჭო, სადაც შევლენ საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ამ საკითხების გარდა პეტიცია, რომელიც აქამდე უნდა წარედგინა მოსახლეობის ერთ პროცენტს უწყებაში და მხოლოდ ნორმატიული აქტის პროექტი შეეძლო შეეტანა, ახლა უკვე ნებისმიერ საკითხზე მოსახლეობას შეუძლია, შეკრიბოს ხელმოწერები, წარუდგინოს შესაბამის სამსახურს. საკრებულო, გამგებელი ან მერი ვალდებული იქნებიან, განიხილონ ეს საკითხი, კონკრეტულ ვადებში პასუხი დაუბრუნონ მოქალაქეებს, აუხსნან თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ ისინი მათი პრობლემების გადასაწყვეტად და სხვა. ეს ყველაფერი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მეტად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და უწყებაც მეტად იყოს ანგარიშვალდებული მათ წინაშე. მუნიციპალიტეტის ორგანოები და საზოგადოება თუ დასცილდნენ ერთმანეთს, მაშინ საერთო საქმე არ გაკეთდება, პრობლემები ვერ გადაწყდება, ამიტომ ეს კანონპროექტი და დაგეგმილი სიახლეები გააუმჯობესებს ამ კავშირებს მოსახლეობასა და მათ მიერ არჩეულ ორგანოებს შორის“, – განაცხადა აბულაძემ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქისა და თემის გაყოფა მთლიანობაში დედებითია, თუმცა მათ კეთილდღეობაზე ჯერ არ არის ასახული.  მოქალაქეები ამ გაყოფაში ჯერ არსებით შედეგებს ვერ ხედავენ. გარდა ამისა, დაბალია მოქალაქეთა ჩართულობაც. დადებითი ის არის, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში გაიზარდა და მოხელეების რიცხვიც მეტია. ეს კარგია, რადგან მეტი ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა ცუდი ის არის, რომ ხალხი ამ პროცესში ნაკლებად არის ჩართული და რა შედეგები გვაქვს რეფორმის ეტაპებზე, ჯერ არ ვიცით, არც ისაა ცნობილი,  ხარჯების გაზრდას რა კონკრეტული შედეგი მოყვება ადგილობრივებისათვის. ხალხს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი: უმუშევრობა, მოუწესრიგებელი გზები, წყალი, ზოგან  გაზიც კი არ არის. რეფორმის შედეგების გასაზომად ჯერ ცოტა დროა გასული, თუმცა პროგნოზისათვის სურათი ასეთია: ადგილობრივი თვითმმართველობა სტრუქტურულად გაზრდილია, თუმცა რეფორმის ეფექტურობა ჯერ კიდევ ნათელი არ არის.

 

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვისფარგლებში, ფონდღია საზოგადოება საქართველოსმხარდაჭერითსტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდღია საზოგადოება საქართველოსპოზიციასაღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილიჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.