თელავში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ
რამდენიმე წელია, რაც ორგანიზაცია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე ეტლებს გასცემს. შარშან თელავში აქტიური ეტლი 23 პირს გადაეცა, წელს კი 21 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
,,თელავში დავარიგეთ 21 ეტლი, რომელიც ამერიკიდან ჩვენმა დონორმა ორგანიზაციამ გამოგზავნა. ეს არის სტანდარტული ეტლები, რომლებიც ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადავანაწილეთ. გადავეცით ისეთ პირებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ და დაზიანებული იყო. ზოგი ოჯახი კი წლების განმავლობაში ელოდებოდა. ჩვენ გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოც არიგებს ეტლებს, მაგრამ იმდენად ბევრია ადამიანი, რომელსაც ეს სჭირდება, რომ ყველას დაკმაყოფილება ვერ ხდება. ამიტომ ჩვენ ვართ ამ პროცესშიც აქტიურად ჩართული და ვინც მოგვმართავს თხოვნით, ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ”,- განუცხადა Knews.ge-ს ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა.
ქალაქ თელავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებაში აცხადებენ, რომ შშმ პირებისათვის ეტლების გადაცემის პროცესში თელავის მერია აქტიურად არის ჩართული.
,,თელავის მერია აქტიურად თანამშრომლიბს საერთაშორისო ასოციაციასთან ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”. ქალაქში მცხოვრებ შშმ პირებს ერთობლივი მუშაობით გადავეცით ეტლები. უწყება ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული”,– განაცხადა თელავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსმა ანა ასაბაშვილმა.