ვაშლოვანის ნაკრძალს ევროპული დიპლომი გადაეცემა
ევროპული დიპლომი, ევროპული გამოცდილების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში ნაკრძალების დაცულობის ხარისხის მატებას, მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებასა და პოპულარიზაციას. ევროკავშირის ექსპერტებმა შეისწავლეს ვაშლოვანის ტერიტორია. მათი ანგარიშის მიხედვით, იგეგმება პროექტი, რომელიც გულისხმობს საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებას, რათა დაცულ ტერიტორიებაზე გაუდაბნოების პროცესი არ დაიწყოს.
ევროპული დიპლომი ევროპის ქვეყნების სულ 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. დიპლომის გადაცემის ცერემონია კი ივლისის ბოლოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში იგეგმება.
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 10,143 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული,ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. ქვეწარმავლების გარდა (გირზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკი) რომლებიც აქ ძალიან ბევრია, გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვიდა მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა დაეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას.
ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია შემდეგი ისტორიული ძეგლები: V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი; V საუკუნის წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი; XII საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი; XX საუკუნის საროველის სახელობის ტაძარი; ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარი კამბისენა.