თელავში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეწარმეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში რა ვალდებულებების შესრულება ეკისრება საქართველოს და ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ქართულმა პროდუქციამ რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
,,ვისაუბრეთ კონკრეტულად რა სარგებლის მომტანი იქნება თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების შეთანხმება თითოეული ადამიანისათვის, ბიზნესისთვის, მეწარმებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ ამ შესაძლებლობების გამოყენებას. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჩართულები არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. სწორედ ამის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში თელაველებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რას მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვისაუბრეთ ასევე რა მოთხოვნებია იმ ხელსაწყოების გაზომვების მიმართ, რომლებიც ლაბორატორიებში და საწარმოებში გამოიყენება, რომლის შემდეგაც შედეგების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი, რომ მოხდეს ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანა’’,- განუცხადა knews.ge-ს მეტროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ნინო მიქანაძემ.
აღნიშნული შეხვედრები გაიმართება საქართველოს 9 დიდ ქალაქში, რომლის მიზანია რეგიონებში მოსახლეობას, დაინტერესებულ მხარეებს, მეწარმეებს, ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თუ რას მოიცავს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და რა არის მისი მიზანი.
,,ჩვენი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს, ფერმერებს, მეწარმეებს ბიზნესმენებს გავაცნოთ თუ რა პერსპექტივები აქვს ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 9 შეხვედრის ჩატარება საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. შეხვედრებში ხალხის ჩართულობა და ინტერესი არის ძალიან მაღალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა თელავში ვნახეთ, რომ სტუდენტები აქტიურობდნენ, რომლებიც არიან მომავალი ფერმერები და მეწარმეები რომლებმაც უნდა გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე’’,- განაცხადა ,,ერთად შევეგებოთ ევროპას’’ წარმომადგენელმა თამუნა ხურციამ.
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება” ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DC FTA) მოიცავს და ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს ითვალისწინებს. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცე კი გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, მაგალითად, სურსათის უვნებლობას, პროდუქციის უსაფრთხოებას, კონკურენციის პოლიტიკას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საბაჟო საკითხებს, სახელმწიფო შესყიდვებს და ა.შ.