ოლიმპიური ცეცხლი თელავშია
,,ძალიან სასიხარულოა, რომ ოლიმპიური ცეცხლი შემოვიდა თელავში. მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა ჩირაღდანს. თელავიდან ცეცხლი ახმეტაში გაემგზავრება. იცით, რომ 26 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე, დიდ კაულდრონში ცეცხლი აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
ოლიმპიური ჩირაღდანი დღის განმავლობაში თელავის რაიონის სოფლებს შემოივლის, საღამოს კი თელავის ერეკლე მეორეს მოედანზე გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები. ამ წუთებში, მოედანზე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი.
თელავში ოლიმპიური ცეცხლი ორ დღეს გაჩერდება, შემდეგ გეზს ახმეტისკენ აიღებს, ხოლო 12 ივნისს მას გადაიტანენ ვერტმფრენით ჩარგალსა და ყაზბეგში, სადაც ესტაფეტა გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი კახეთში უკვე იმყოფებოდა საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი საბერძნეთის ქალაქ ათენში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-სთვის აანთეს. ახალგაზრდული ოლიმპიადა 26 ივნისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.