ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენმა თელაველებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა

ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებულ პრობლემებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო დროს მასობრივ პრობლემად გამოიკვეთა ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის საკითხი, ასევე ელექტროენერგიის არასათანადო ხარისხი, ძაბვის პარამეტრების ხშირი ცვალებადობა, მომსახურების ხშირი შეწყვეტა და ელექტროენერგიის საფეხურებიანი ტარიფების არასწორი გამოყენება. 
,,გარდა ამ პრობლემებისა, ასევე ხშირია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების და ზიანის ანაზღაურების გამო განხორციელებული დარიცხვები. მოქალაქეები ძალიან ხშირად ჩივიან გაზის წნევისა და თბურ მოცულობაზე. რეგიონში პრობლემურია გაზის გაჟონვასა და ავარიებთან დაკავშირებული საკითხები. პრობლემურია წყალმომარაგების საკითხი, სასმელი წყლის დაბინძურება, უწყვეტი წყალმომარაგება, ხანდაზმული დავალიანებები და მოძველებული, დაზიანებული ქსელის პრობლემები. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სამოქალაქო სექტორთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ ძირითად პრობლემებზე რაც კახეთის რეგიონშია ამ კუთხით. გარდა ამისა, ვეცადეთ დაგვესახა პრობლემების გადაჭრის გზები და მოვისმინეთ ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კახეთის რეგიონში უფრო მეტად გავაქტიურდებით და შევეცდებით საზოგადოებას შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ”,– განუცხადა knews.ge-ს სალომე ვარდიაშვილმა.