ახალი ამბები

თელავში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბაზარში მათ ადგილები აქვთ აღებული, რაშიც გარკვეულ თანხას იხდიან, თუმცა გარემოვაჭრეების გამო მათთან კლიენტი აღარ შედის და ყოველდღიური ქირის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
,,დღეში შვიდ ლარს ვიხდით ბაზრის შიგნით რომ ვდგავართ. ესენი კი გარეთ არიან და ვაჭრობენ. ხან დღეში შვიდი ლარისასაც ვერ ვვაჭრობ. ზოგჯერ საქონელი გადასაყრელიც მიხდება. ასეთი უსამართლობა არ მინახავს. მოგვხედოს ხელისუფლებამ თორემ მერიის შენობის წინ დავდგებით და იქ დავიწყებთ ვაჭრობას. ჩვენ იმას არ ვიძახით, რომ ეს ხალხი რომელიც ბაზრის გარეთ ვაჭრობს სახლში წავიდეს. ყველას ყავს ოჯახი და ხომ უნდა შეინახონ. ან შიგნით დარჩენილ დახლებზე უნდა ივაჭრონ ან კიდევ არის სხვა ადგილი გამოყოფილი და იქ წავიდნენ,”– განაცხადა თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრემ თინა ფოთოლაშვილმა.
თელავის მერის მოადგილის, აკა საჩიშვილის განცხადებით, ისინი კანონის მიხედვით იმოქმედებენ და აუცილებლობის შემთხვევაში, გარემოვაჭრეებს პოლიციის ძალის გამოყენებით ტერიტორიას დაატოვებინებენ.
,,ეს პრობლემა დიდი ხანია დგას და მოსაგვარებელია. ეს საკითხი ძალიან საფრთხილოა. გარევაჭრობას კანონი არეგულირებს და ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას საპატრულო პოლიციასთან ერთად. ვცდილობთ ნაკლებად დაზარალდეს ჩვენი მოქალაქეები, არ გვინდა ხისტი პრობლემები, ამიტომ შევეცდებით ურთიერთმოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ ეს პრობლემა”,-განაცხადა აკა საჩიშვილმა.