ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩმა უელსის რაინდთან ერთად თელავში შეხვედრა გამართა

შეხვედრა სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

უელსის პარლამენტის სპიკერმა როზმარი ბათლერმა შეხვედრის დროს უელსის გამოცდილების შესახებ ესაუბრა, მან ასევე ყურადღება უელსის, როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, პოლიტიკაში ქალთა როლზე, ევროკავშირის შესახებ მითებსა და რეალობაზე გაამახვილა. 
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა უელსის და საქართველოს შორის პარალელების გავლება.

,,უელსის პარლამენტის სპიკერი როზმარი ბათლერი და უელსის კვების ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ფერმერებს გამოცდილებას უზიარებენ. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს. უელსი ბრიტანეთში პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის წევრია და ის ინარჩუნებს თავის ტრადიციას და კულტურას. შეხვედრაზე გვქონდა საუბარი თუ რა წვლილი შეაქვს უელსს ევროკავშირში და როგორი მხარდაჭერა აქვს მათგან ამ ქვეყანას,”– განუცხადა Knews.ge-ს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ელენე გოცაძეს თქმით, შეხვედრის ფარგლებში უელსის კვების ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს სურსათის უვნებლობის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების შესახებ. 

,,ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ქვეყნის დემოკრატიის საქმეში და ასევე გენდერულ საკითხებზე. უელსი არის პატარა ქვეყანა როგორიც არის საქართველო, აქედან გამომდინარე რა მსგავსებებია უელსსა და საქართველოს შორის და რა შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ კარგი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მაგალითები და პარალელები გაივლო”- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ელენე გოცაძემ.