ახალი ამბები

წნორის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება

პროექტის მიზანია, ახალი ცენტრალური წყალსადენი სისტემის საშუალებით, წნორის მოსახლეობის 6400 მაცხოვრებლის 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფა მოხდეს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. 
დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 8 318 605,92 ლარია. მისივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. 
“დაბა წნორის მოსახლეობის 50%-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს წყალი გრაფიკით აქვს. პროექტის დასრულების შედეგად წნორის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება”, _ აცხადებს დარჩიაშვილი. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება 1250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, სადაწნეო მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” გადაეცემა.