ღვინის კომპანიები ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებით გათვლას ვერ აკეთებენ
მეღვინეების ინფორმაციით, წელს ყურძენზე შედარებით დაბალი ფასი იქნება და ჩაბარების რაოდენობაც შემცირდება. კომპანიები ჯერჯერობით ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებით გათვლას ვერ აკეთებენ.
ჩუმლაყის ღვინის ქარხანას შარშან 2 მილიონი ბოთლი გაჰქონდა ექსპორტზე, წელს კი მხოლოდ 300 000-მდე ბოთლი გაყიდეს. ქარხნის დირექტორი ზაზა ბეჟაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს დოლარის კურსის გამყარებას უკავშირებს. ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს ყურძენი აღარ ჩაიბარონ ან მიიღონ მიზერულ ფასად, თუ მეზობელ ქვეყანაში ღვინის გაყიდვის სტატისტიკა არ გაუმჯობესდება.
„მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძვრები ჩანს, სერიოზული პრობლემაა ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით. 3 თვის განმავლობაში ღვინო არ გაგვიყიდია. ძირითადად რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებულები და იქ არსებული მდგომარეობა კი მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქართული ღვინის ექსპორტზე“, – აცხადებს ზაზა ბეჟაშვილი.
,,შარშან რთველზე პანიკა იყო – ძალიან დიდი ფასი დაფიქსირდა ყურძენზე, განსაკუთრებით, წითელზე. ეს განპირობებულია იქიდან, რომ სტრატეგიულ ბაზრებზე წითელ ღვინოზეა მოთხოვნა. წელს ასეთი დიდი ფასი არ იქნება, თუმცა აბსოლუტურად ნორმალური სხვა წლებთან შედარებით. მცირე იქნება ყურძნის ჩაბარების მაჩვენებელიც, რადგან ძალიან ბევრი კომპანიის გაყიდვის მაჩვენებელი დაეცა. ამ ეტაპზე ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე გათვლა უცნობია. სამწუხაროდ, ჯერ ამის დაგეგმვა ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარი უფრო აქტიური იქნება”, – აცხადებს ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი.
შარშან 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულება 2 ლარსაც კი გასცდა. მიუხედავად ასეთი მაღალი ფასისა, გლეხებს გაუყიდავი ერთი მტევანიც კი არ დარჩენიათ. ფერმერი გოჩა ცისკარაშვილი ვარაუდობს, რომ წელს ყურძნის ფასი დაიწევს:
,,ვფიქრობ, წელს ყურძენზე მოთხოვნა შემცირდება და ფასიც დაეცემა. ქარხნები ნაკლებ რაოდენობას მიიღებენ ღვინის ნაკლები გაყიდვების გამო. სახელმწიფომ უნდა მოგვხედოს, რომ დიდი ზარალი არ ვნახოთ.”
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი (0,75 ლ)ბოთლი შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. 2013 წელს სულ ექსპორტირებული იყო 46,7 მლნ ბოთლი ღვინო.

