ახალი ამბები

თელავის მერია მედეა მეზვრიშვილის ხსოვნის საღამოსთან კავშირს უარყოფს

რამდენიმე წუთის წინ რადიო „ჰერეთმა“ http://www.heretifm.com/?p=8191 და შემდეგ ინტერნეტ გამოცემა „ტაბულამ“ http://www.tabula.ge/ge/story/96746-telavis-meria-media-mezvrishvilis-saiubileo-saghamos-martavs  თელავის მერიის ვებ გვერდზე დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ხვალ, 2 ივნისს, თელავში მედეა მეზვრიშვილის ხსოვნის საღამო საზეიმოდ აღინიშნება. რაიკომის ყოფილ მდივანს 85 წელი შეუსრულდებოდა. ამავე წყაროს ცნობით,  წმინდა ნინოს ეკლესიაში მედეა მეზვრიშვილის სულის მოსახსენიებელი წირვა 10:00-ზე დაიწყება, ხოლო პანაშვიდი – 12:00-ზე. ხოლო საიუბილეო საღამო ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში 14:00-ზე გაიხსნება.

„knews.ge ინფორმაცია მერიის პრეს ცენტრთან გადაამოწმა.  როგორც გაირკვა, ინფორმაცია მეზვრიშვილის საიუბილეო საღამოს შესახებ თელავის მერიის ვებ გვერდიდან მას შემდეგ აიღეს, რაც თემით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. მერიის პრეს სამსახურმა საღმოს ორგანიზებაში მერიის როლი კატეგორიულად გამორიცხა. როგორც მურად ფანცქალაშვილმა განმარტა, მედეა მეზვრიშვილის ხსოვნის საღამოს ორგანიზებას რიგითი თელაველები უწევენ. 

თუმცა მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ბუკლეტი, რომლის პირველ გვერდზეც მითითებულია, რომ საღამოს ორგანიზატორი ქალაქ თელავის მერია და თემის გამგეობაა. მოსაწვევ ბარათზე გამოსახულია რაიკომის მდივნის  ფოტოები და ლექსები მედეა მეზვრიშვილზე. 

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილი საბჭოთა საქართველოს დროს საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში – კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, შემდეგ კი, თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნესგარიგება უკავშირდება.