ახალი ამბები

თელავში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წიგნებისა და ნახატების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში თელავის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში, გაიმართა შეჯიბრებები ქუჩის კალათბურთსა და ფეხბურთში. 


თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა:
„სრულიად საქართველოს ვულოცავ 26 მაისს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის ისტორიაში. დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში იმ გმირებს, რომელთა ხსოვნასაც მივაგეთ პატივი. ტარდება ღონისძიებები სრულიად საქართველოს მასშტაბით და თელავიც ღირსეულად აღნიშნავს ამ დღეს“, – განაცხადა კალმახელიძემ. 
თელაველი ლაშა ნახუცრიშვილის თქმით, ეს დღე აღინიშნება იმ ადამიანებისს საპატივსაცემოდ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში:
„ამ დღეს ყველა ქართველმა პატივი უნდა სცეს, ეროვნული საბჭოს 1918 წლის 26 მაისს დადგენილებამ, საქართველოს ისტორია შეცვალა და ქვეყანა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რაც უდიდესი მიღწევა იყო“, – აღნიშნა ლაშა ნახუცრიშვილმა. 
ზუსტად 97 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. თბილისი საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 25 თებერვალს დაიკავა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო აღდგენა. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე, აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ შეცვალა პირველი რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი.