ახალი ამბები

გურჯაანსა და სოფელ მირზაანში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გემგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია. მათივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. 

,,რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტო/ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებშიც ჯამში 3,1 კმ გზის მოასფალტება მოხდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება,”- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძეს თქმით, ქალაქ გურჯაანში არსებული ბესიკის ქუჩის სიგრძე 855 მ-ია, სადაც ასფალტობეტონის საფარი უკვე დაიგო, ასევე მოხდა 2212 გრძივი კანალიზაციის ქსელის გამოცვლა. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა 1641მ² ტროტუარი.
,,რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, მისი სიგრძე – 453 მეტრია. აქ მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი და 884 მ² ტროტუარი. ჭავჭავაძის ქუჩის სიგრძე – 840 მეტრია, აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე გაკეთდება მიერთებები და მოეწყობა 400 მ² ტროტუარი,”- განაცხადა გია გერგიძემ.

გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩებისა, პროექტის ფარგლებში ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტისსაფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 912 მეტრია.