სტალინის მოსიარულე ძეგლი აკურაში და საბჭოთა სიმბოლიკები კახეთში
10 მაისს სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მანამდე გაიტანეს, სანამ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები მის დემონტაჟს განახორციელებდნენ. სოფლის მოსახლეობისათვის კი აკურის პარკში საბჭოთა ბელადის ბიუსტის არსებობა მნიშვნელოვანია. ადგილობრივები სუფრაზე ომში დაღუპულ ჯარისკაცებამდე ჯერ ბელადის სადღეგრძელოს სვამენ, რადაგან ის მათი მეთაური იყო. სტალინი მათთვის გენიოსი კაცია.
,,მოვითხოვთ, დაიდგას ძეგლი რას უშლით ვერ გაგვიგია, ის აუცილებლად უნდა იყოს ამ პარკში. ის, სოფელ აკურიდან წასული და სამშობლოსთვის თავდადებული ჯარისკაცების მეთაური იყო და მათ სახელებთან ერთად ბელადის ბიუსტიც უნდა იდგეს შინმოუსვლელთა პარკში. როდესაც ჩვენ ომში დაღუპული ბიჭების სადღეგრძელოს ვსვამთ, ბელადსაც მოვიხსენიებთ,’’ – აცხადებს ოთარ ოთიაშვილი. ,,რას უშლით ეს ბიუსტი, საჭმელს ითხოვს თუ სასმელს,’’- აცხადებენ აკურელები და განმარტავენ, რომ ყველაფრის მიუხედავად მოსახლეობა ბიუსტის აღდგენას კვლავაც აპირებს.
82 წლის მარინე კირვალიძეს კი სტალინის ეპოქაში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა იდგეს ბელადის ბიუსტი შინმოუსვლელთა მემორიალთან.
,,ვერ ვიგებთ, რას უშლით ბიუსტი, რას აშავებს. მე, იმ დროს, ბევრი კარგი მახსოვს, დღეს კი ცხოვრება არ გვივარგა და იმ დროს მივტირი. არ ვიცით ძეგლი ვინ წაიღო, ალბათ თელავიდან მოვიდა ვინმე და მათ წაიღეს, თორემ აქ ჩემნაირი არავინ მოვიდოდა მაგისთის’’, – ამბობს მარინე კირვალიძე.
სტალინის ბიუსტი სოფლის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალთან, შინმოუსვლელთა პარკში, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დადგეს. ამ ფაქტს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აკურელების მტკიცებით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიუსტის დემონტაჟი წინასწარ დაგეგმა, თუმცა ერთი დღით ადრე დაუდგენელმა პირმა მოიპარა. ბელადის ბიუსტის მოპარვით დამწუხრებული აკურელები ხუმრობის განწყობას მაინც ინარჩუნებენ და პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძეგლი დემონტაჟამდე თავად გაიპარა:
„ათჯერ რომ მოხსნათ, მაინც დავდგამთ. ჩვენ ის გვიყვარდა, დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა არავინ, როგორიც ეგ იყო“, – აცხადებენ აკურელები.
სოფელ აკურაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლი ოთარ ხატიაშვილის განცხადებით, სტალინის ბიუსტი ადგილობრივებმა რამდენჯერმე თვითნებურად დააბრუნეს, თუმცა მისთვის უცნობია იმ კონკრეტული პიროვნების ვინაობა, რომელმაც ღამით ძეგლი მოიპარა.
„9 მაისს მოსახლეობამ თვითნებურად მოიტანა და დადგა სტალინის ძეგლი. 11 მაისს გამგეობის მიერ იგეგმებოდა მისი დემონტაჟი, თუმცა 10-ში ღამით მოიპარა მოსახლეობამ. იმ ადამიანებს, ვინც დადგა ან წაიღო, პასუსხ ვერ მოვთხოვთ, რადგან კანონი საბჭოთა სიმბოლიკის განთავსებაზე მათზე არ ვრცელდება. ის მხოლოდ ვრცელდება საჯარო სამსახურებზე და თვითმმართველობებზე“, – განაცხადა ოთარ ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აკურაში სტალინის ბიუსტი შინმოუსვლელთა პარკში 2010 წლამდე იდგა. 2010 წელს მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სტალინის ძეგლი აიღეს. 2013 წლის 11 იანვარს კი, ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, აკურელებმა საბჭოთა ბელადის ბიუსტი ისევ დააბრუნეს. 2013 წლის 7 თებერვალს კი დაუდგენელმა პირებმა ბიუსტი ჩამოაგდეს და ვარდისფრად შეღებეს. 2014 წლის 28 იანვარს გვიან ღამით უცნობმა პირებმა სტალინის ბიუსტი წაიღეს