საგარეჯოში საგზაო უსაფრთხოების კამპანიის შესახებ იმსჯელეს
შეხვედრის მიზანს პროექტის ამოცანების და მიმდინარე აქტივობების შესახებ დამსწრე საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ღონისძიების დროს ყურადღება ასევე დაეთმო კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში საგზაო უსაფრთხოების იმ ძირითად რისკ–ფაქტორების განხილვას, როგორიცაა: უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, ქვეითების უსაფრთხოება, ფეხით მოსიარულეთა დაბალი განათლება და სხვა.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ პროექტს კახეთის რეგიონში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორცილებს.
მათივე თქმით, კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
,,პროექტის მიზანია უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს კახეთის რეაბიტილირებული საავტომობილო გზები, შემცირდეს ადგილობრივ გზებზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირისთვის ტრანსპორტის გადაადგილების ღირებულება და დრო, ზოგადად ამაღლდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირების კულტურა. პროექტს, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის (ქვეითების, მძღოლების, ბავშვებისა და გზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის) მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და უსაფრთხოების დონე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოზარდთა განათლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში და აქტივობებში,’’- განაცხადა ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ.
საგარეჯოს მცხოვრებლების თქმით, ქალაქში 4 საჯარო სკოლაა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური მოძრაობაა. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა სკოლებთან არა არის საგზაო ნიშნები და გადასვლელები მოწესრიგებული, რაც თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ქმნის.