კახეთში მსოფლიო რბენა ჩატარდა
ამ დღეს ასი ათასობით ადამიანი 33 ქვეყანიდან იმისათვის გაერთიანდა, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს. მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად წელს საქართველოში 5000 ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 600-ზე მეტი უცხოელი.
„მსოფლიო რბენას “ გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება „Wings for Life“ -ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული გამოვლინდა – ჰოლანდიელი ლინდა ვან ვლიეტი და ლაგოდეხელი ანატოლი ოლეინიკოვი. ოლეინიკოვი უკვე მეორედ გახდა გამარჯვებული. მან შარშან 52 კილომეტრი გაირბინა, წელს კი შედეგი 5 კილომეტრით გააუმჯობესა და 57 კილომეტრი ირბინა.
2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან), ხოლო მსოფლიოს ყველა რბენიდან სრულად 3 მილიონი ევრო შევიდა, რაც სხვადასხვა კვლევების დაფინანსებას მოხმარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა.