რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე “რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის” თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიღებული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2015 -2017 წლებში.