სტატიები

იცოდე, მოითხოვე და მიიღე – რას ითვალისწინებს პაციენტთა უფლებების დაცვის პროექტი

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში პაციენტის უფლებებისათვის ხელშეწყობა მათი ინფორმირებულობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლებრივი მხარდაჭერის გზით. პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისების ხელიმისაწვდომობასა და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიღებაზე. 
აღნიშნული პროექტის შესახებ ჩვენს შეკითხვებს „საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების“ თავმჯდომარე, „პაციენტის უფლებების ექსპერტი“ მიმდინარე პროექტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნულის საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი პასუხობს.
გივი ჯავაშვილის განცხადებით, მომართვიანობის რაოდენობა რეგიონებიდანაც იზრდება.
-როდიდან ამოქმედდა პაციენტის უფლებების დაცვის პროექტი, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას? 
-პროექტი „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“ ამოქმედდა 2013 წლის აგვისტოში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში პაციენტის უფლებებისათვის ხელშეწყობა მათი ინფორმირებულობის გაზრდის, აგრეთვე, მათი სამართლებრივი მხარდაჭერის გზით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების სისტემურ ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მომზადებას. რეკომენდაციები შეეხება ზემოხსენებული უფლებების დარღვევის შემთხვევების პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენას.
პროექტის ფარგლებში მუშაობს „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“, რომლის ნომერია 2-103-003. სამუშაო დღეებია ორშაბათიჶპარასკევი, სამუშაო საათები – 10:00-დან 18:00-მდე. საქართველოს ნებისმიერ რეგიონიდან, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს ცხელ ხაზზე და მიიღოს ინფორმაცია და რჩევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი უფლებების საკითხებზე.
პროექტი ამ ეტაპზე გაგრძელდება 2016 წლის იანვრის ბოლომდე. იმედი გვაქვს, შევძლებთ, საჭირო რესურსების გამოძებნას პროექტის უფრო მეტ ხანს გასაგრძელებლად, რის საჭიროებაც ნამდვილად არსებობს.
-ვინ უწევს კონსულტაციებს პაციენტებს პროექტის ფარგლებში და როგორია მომსახურების პირობები?
-პაციენტის ცხელ ხაზს პასუხობს სათანადოდ მომზადებული ოპერატორი, რომელიც იცნობს საქართველოს კანონმდებლობას პაციენტის უფლებების შესახებ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ პროგრამებს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე ზემო მითითებული საათებში (ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე) და მიიღონ ინფორმაცია, უფასო რჩევა მათთვის საჭირო საკითხებზე. ამასთან, საჭიროებისას შეიძლება, საჭირო გახდეს მოქალაქის შეხვედრა პაციენტის უფლებების დაცვის ექსპერტთან ან იურისტთან. 
-რას მოიცავს პროექტი და რამდენად არის ხელმისაწვდომი მოქალაქისთვის?
-როგორც უკვე აღვნიშნე, მომსახურება უფასოა. ჩვენს ტელეფონზე დარეკვა (2-103-003) ახალი ქსელებისა და ,,სილქნეტის” აბონენტებისათვის უფასოა. დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. სატელეფონო კონსულტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში დაწვრილებით რჩევების მიღება პაციენტის უფლებების ექსპერტისაგან არის შესაძლებელი. პროექტი მოიცავს უფასო იურიდიულ კონსულტაციასაც.
-პროექტის ფარგლებში თუ განგიხორციელებიათ რაიმე ტიპის კვლევა და რა შედეგი აჩვენა, მაგალითად, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ინფორმირებულობის კუთხით?
-მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაინც რჩება მოსახლეობის ნაწილი, რომლისთვისაც უცნობია, ჯანმრთელობის დაცვის რა მომსახურების მიღება შეუძლია მას, როგორ უნდა მიიღოს ის, რა არის პირობები, ვინ აფინანსებს სერვისებს, ცალკეული სერვისების მიღების ადგილი, ვადები და ა.შ. ამასთან, არის საკითხები, რომელთა აღქმა უჭირს მოსახლეობას. ეს ძირითადად ეხება თანაგადახდის პირობებს, მომსახურების მომწოდებელთა (კლინიკის, ექიმის) შერჩევას. ზოგჯერ სირთულე დაკავშირებულია ე.წ „გამონაკლისებთან“, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა ან კერძო დაზღვევა არ აფინანსებს. ზემოხსენებული სირთულეები სწორედ ჩვენი პროგრამის განხორციელებისა და ცხელი ხაზის მუშაობის პროცესში წარმოჩნდა. 
-რამდენად აქვთ პაციენტებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია და როგორ ეხმარებით თქვენ, თუ უწევთ კონსულტაციას, როგორ დაიცვას დარღვეული უფლება და როგორ მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?
-ჩვენს ცხელ ხაზს, ცხადია, ის მოქალაქეები მომართავენ, რომლებიც ინფორმაციას, რჩევასა და დახმარებას ეძიებენ. შესაბამისად, ჩვენი ცხელი ხაზის მუშაობის გამოცდილებით, ბევრმა მოქალაქემ არ იცის, რა უფლებები აქვს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და როგორ შეიძლება მისი რეალიზაცია. 
-რა სამართლებრივი რეგულაციები უნდა არსებობდეს პაციენტის დიკრიმინაციის წინააღმდეგ? თქვენ თუ გქონიათ ასეთ შემთხვევასთან საქმე და როგორ იცავთ ამ კუთხით მათ უფლებას?
-დისკრიმინაცია, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც ჩვენში კანონით არის აკრძალული. პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ნებისმიერ ნიშნის მიხედვით (ასაკის, სქესის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, დაავადებისა და ა.შ) დაუშვებელია. 
ზემოხსენებული გაცხადებულია ჯანდაცვის სფეროში მოქმედ საქართველოს მრავალ კანონში – კანონები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“, „აივინფექციის, შიდსის შესახებ“ და სხვ. ცალსახა შემთხვევა, როცა მხოლოდ დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით შეიძლება, განვიხილოთ, არ გვქონია, თუმცა, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათი უფლება დაირღვა და ხაზს უსვამენ მათ მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას – პატივისცემის, ყურადღების, გულისხმიერების ნაკლებობას. პაციენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ამა თუ იმ სამედიცინო პერსონალის პიროვნული მახასიათებლებით აიხსნება. მეორე მხრივ, სამედიცინო პერსონალის ნაწილი საკუთარ პრობლემებზე საუბრობს.
ცხადია, ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვრეაგირებთ და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ექიმსა და პაციენტს შორის სათუთ დამოკიდებულებას. ხშირად ვახერხებთ კიდეც ამას და ექიმი და პაციენტი აგრძელებს თანამშრომლობას პაციენტის საკეთილდღეოდ.
მიმდინარე პროექტში გათვალისწინებული გვაქვს საქმიანობა, რომელიც სამედიცინო პერსონალის აზრის, მათი პრობლემებისა შესწავლასა და ანალიზს ითვალისწინებს.
-რამდენად ხშირად სარგებლობს მოსახლეობა თქვენი ცხელი ხაზის მეშვეობით და ძირითადად რაზეა მოთხოვნა, რა სახის დახმარებას ითხოვენ ისინი?
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ შესახებ. გარდა ცხელი ხაზისა, ჩვენ გვაქვს ვებგვერდი www.patientsrights.ge და ფეისბუქის გვერდი www.facebook.com/patientsrights
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო სივრცეში რეგულარულად გადის სოციალური რეკლამა ჩვენი ცხელი ხაზის შესახებ. ზემოხსენებულის გამო მოსახლეობა ყოველდღიურად მოგვმართავს და ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ მათ. უკვე ათასობით მოაქალაქეს გავუწიეთ კონსულტაცია და დავეხმარეთ ცალკეული პრობლემის მოგვარებაში.
საყურადღებოა, რომ ძირითადად ქალები მოგვმართავენ, ეს საერთო მომართვების 75%ჶს შეადგენს. ამასთან, მომართვები რეგიონებიდან თითქმის მეოთხედით იზრდება. მომართვების აბსოლუტური უმრავლესობა (96%) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებს ეხება, რაც ასახავს კიდეც სახელმწიფოს გაზრდილ ვალდებულებას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
მომართვების დაახლოებით 2/3 სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მისი ანაზღაურების პირობების შესახებ ინფორმაციის გაცემით ამოიწურება (ხშირად ეს განმეორებითი კონსულტაციებია). შემთხვევათა დაახლოებით 1/3ჶში საჭიროა კონკრეტული რჩევის მიწოდება, სამედიცინო მომსახურების მომწოდებელთან ან გადამხდელთან (მზღვეველთან) დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის მოძიება და პაციენტის მხარისათვის მიწოდება. შემთხვევათა მხოლო 4%ჶში გახდა საჭირო დამატებით ღონისძიებები დარღვეული უფლებების აღსადგენად.
-რა სიახლეს სთავაზობთ მოქალაქებს?
-ჩვენს ქვეყანაში უკვე კარგა ხანია, არსებობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 24-საათიანი სატელეფონო მომსახურება – „ცხელი ხაზი – 15-05“. აქ დარეკვით მოქალაქეს შეუძლია, ზუსტად დაადგინოს, რომელი დაზღვევით იფარება მისი სამედიცინო მომსახურება და რა პირობებს გულისხმობს ის.
ცხადია, ჩვენი ხაზი მასშტაბით განსხვავდება და ვერ უზრუნველყოფს ყოველდღიურ 24-საათიან კონსულტაციებს, თუმცა „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი“ საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, უფრო დაწვრილებითი რჩევები მიიღონ ცალკეული შემთხვევის შესახებ. ჩვენი პროექტის ფარგლებში პაციენტის დასახმარებლად საკითხს სწავლობს პაციენტის უფლებების ექსპერტი და, საჭიროებისას, უზრუნველყოფს იურისტის ჩართვას. ვფიქრობ, ასეთი დაწვრილებით და ცალკეული პაციენტის საჭიროებაზე მორგებული რჩევები, კონსულტაციები და მხარდაჭერა ჩვენს პროექტს ჯერჯერობით უნიკალურს ხდის.