პრემიერი გურჯაანის ინციდენტზე – ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, თუ მოველენები მსგავსი სცენარით განვითარდა, ეს ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს და თუ ოპოზიციას თუ რაიმე კითხვები აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ.
“ეს არ წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენ ვემზადებით რიგის სამიტისთვის. ამხელა ალიაქოთი, რა თქმა უნდა, არის ხელოვნური, არავითარი ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები იქ არ არის. თუ არის მსგავსი რამ, ამას შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას შესაბამისი უწყებები, ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი, მათი სურვილი და ამოცანა არის როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის. ვიმეორებ, რეაქცია იყო მწვავე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხის აგრესია შეგვეჩერებინა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოუწოდა როგორც ოპოზიციის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი მძაფრი გამოხატულებებისგან.
“მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე. ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროვოცირებული იყო ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, ასეთი დესტრუქციული მეთოდებით სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა. ასე, რომ ეს რეაქცია არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორე მხრივ, მათი ეს აგრესია არის გასაგები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.