ტელეკომპანია გურჯაანი 22 წლის გახდა
ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ალექსიშვილის თქმით, ,,გურჯაანი’’ კერძო დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციაა, რომელიც აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
,,22 წელი ჩვენს პირობებში არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაციისთვის პატარა სტაჟი. ამ წლების განმავლობაში ტელეკომპანიამ შეძლო მაყურებლსთვის სისტემატიურად მიეწოდებინა ობიექტური, დაბალანსებული და დროული ინფორმაცია. ასევე ტელევიზიამ გაიარა საზოგადოებასთან ერთად გაჭირვების წლებიც, მაგრამ განსაკუთრებული იყო ჩვენთვის ბოლო რამდენიმე წელი, როცა მედია ორგანიზაციამ გადადგა ახალი ნაბიჯები საკუთარი შინაარსის გამრავალფეროვნებისკენ,’’– განაცხადა ლევან ალექსიშვილმა.
ტელეკომპანია გურჯაანი-ს მაუწყებლობა ყოველდღიურად დილის 8 საათზე იწყება და ღამის 1 საათზე მთავრდება. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სამნიაშვილის თქმით, საინფორმაციო გამოშვება ,,დღეს” კახეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში სამჯერ აწვდის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში კი ხორციელდება პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრიდან.
,,2 წელია ვმუშაობ ტელევიზიაში და სულ ვცდილობ, რომ საინტერესო მასალები მოვამზადო და ბოლო წლებში მართლაც დიდი წარმატება გვაქვს. სოციალურ ქსელებში ზოგი სიუჟეტის მნახველთა რაოდენობა ასიათასს აჭარბებს და მინდა, რომ კიდევ უფრო ენერგიულად გავაგრძელოთ მუშაობა. მომავალში კიდევ მაქვს გეგმები, რომ სიახლეები შევიტანოთ ჩვენს საინფორმაციო ბადეში,’’– განუცხადა knews.ge-ს ნინო სამნიაშვილმა.