სიღნაღში პრემიერმა კახეთში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა
მისი განცხადებით, რეგიონში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ის უზარმაზარი ზარალი, რომელიც წყალდიდობას მოაქვს მოსახლეობისათვის:
,,2013-2014 წლებში უკვე დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშოები გურჯაანის რაიონში, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამჟამადაც მიმდინარეობს მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
რაც შეეხება გზებს, 2013-2014 წლებში რეგიონში დასრულდა 77 კმ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2015 წელს კი დაგეგმილია მინიმუმ კიდევ 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.
2013-2014 წლებში კახეთში ბუნებრივი აირის ქსელში 20 300 ოჯახი ჩაერთო. კახეთის ბევრ სოფელს წლების განმავლობაში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. 2013-2014 წლებში კი ამ რეგიონში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 20 ათას 300 ოჯახს მიეცა. 27 ათას ოჯახს დაუმონტაჟდა თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს.
ახლა შევეხები სხვადასხვა პროექტს, რომლებიც უკვე განვახორციელეთ რეგიონში. ეს არის შიდა გზების რეაბილიტაცია; სატყეო გზის მოწყობა; შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფელ დართლოში; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ნინოწმინდაში, უჯარმაში, დავით-გარეჯში, ძველ შუამთაში, ახალ შუამთაში, იყალთოში, გურჯაანში, ხირსაში, აგრეთვე ალავერდისა და ბოდბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან; ახტალის კურორტის კომპლექსური აღდგენა; თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია; შენობების რესტავრაცია თელავსა და ყვარლის ცენტრალურ ნაწილში; თელავში ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია.
ახლა რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, დღეისათვის კახეთში ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიცაა დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მე-2 ფაზა; თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები; სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა; თელავში ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; გურჯაანში შიდა გზების აღდგენა; ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა იყალთოში; სამშენებლო ნარჩენებისგან თელავის შესასვლელის გასუფთვება; ,,თელავის ხევის” რეაბილიტაცია; თელავის ბატონის ციხის აღდგენის მე-2 ფაზა და სხვა”.
ღარობაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება ღვინის კომპანიებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს:
,,მთავრობის პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა – 2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი”.