ახალი ამბები

დღეს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღესასწაული აღინიშნება

მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა.

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩაბრძანდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კუნძულ კვიპროსზე გარდაიცვალა. 

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში დაასვენეს.

მართლმადიდებლური სამყარო მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, მოძრავი დღესასწაული და ბზობის წინა დღეს, დიდმარხვის მეექვსე კვირას, „ლაზარეს შაბათს“ იხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

დღესვე ქართული ენის დღეც აღინიშნება. წმ. იოანე ზოსიმეს ხელნაწერის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ მიხედვით, ქართული უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.