ახალი ამბები

პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელსაც მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. 
მისი მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით.
ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს“, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:- ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; – სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.
ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება; – კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის/სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.