გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
სამინისტროში აცხადებენ, რომ კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
,,კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე.
საჯარიმო სანქციების ოდენობა მერყეობს ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოიპოვებოდეს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთი მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან,”– აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე, გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

