ახალი ამბები

თელავში ხვალ კულტურის მინისტრი კონფერენციას გამართავს

სამინისტრო შეხვედრაზე წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. კონფერენციის ფარგლებში, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ. კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიიღო დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები. შეხვედრა 3 აპრილს, 10:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება.