ევროკავშირის ბაზარზე ქართველ ექსპორტიორებს “შესვლის ფასის” გადახდა მოუწევთ
ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ „შესვლის ფასი“ გულისხმობს, საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის საინვოისო ფასის ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ღირებულებაზე დაბალი ოდენობას. ამ შემთხვევაში იმპორტიორი გადაიხდის სხვაობას საინვოისო და ფიქსირებულ ფასს შორის.
„ევროკავშირში შესვლის ფასი ეხება სულ 28 დასახელების პროდუქციას, რომელიც სრული სატარიფო ნუსხის 0.3% – ს შეადგენს. მათ შორის არის 8 სახეობის ყურძნის წვენი და ნექტარინი, 4 სახეობის ბოსტნეული – პომიდორი, კიტრი, არტიშოკი და ყაბაყი, 7 სახეობის ციტრუსი – ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, 9 სახეობის ხილი – კურკოვანი ხილი და სუფრის ყურძენი. ევროკავშირში „შესვლის ფასი“-ს გაანგარიშება იმპორტირებული პროდუქციის სეზონურობის მიხედვით იცვლება, მაგალითად, პირველი ივნისიდან 30 სექტემბრამდე ევროკავშირში იმპორტირებული 100 კგ პომიდვრის ფასი 52,6 ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს”, – აცხადებენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში.
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ფასებზე დაწესებული შეზღუდვა ქართველი მწარმოებლებისთვის პრობლემას არ შექმნის.
“ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში, ამიტომ ქართველ მწარმოებლებს პრობლემები არ შეექმნებათ. საქმე ისაა, რომ ევროპაში ნიადაგს უფრო ეფექტურად იყენებენ. ასევე გამოიყენება სპეციალური თანამედროვე დანადგარები, რომლებიც ხელს მეტ მოსავლიანობას უწყობს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ქართველ იმპორტიორებს ნაკლებად მოუწევთ იმ „შესვლის ფასის“ გადახდა, რომელიც შესაძლოა, დაეკისროთ ევროკავშრის ბაზარზე პროდუქციის დადგენილ ფასზე დაბალ ფასად შეტანის შემთვევაში,”- აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

