ახალი ამბები

თელავში სპორტის მინისტრი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას დაესწრება

დღეს, 13:00 საათზე, თელავის სპორტული კომპლექსის დარბაზში ჩატარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, კახეთის რეგიონის ფინალური ეტაპი კალათბურთში. 
ოლიმპიადის ფინალურ ტურს დაესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. 
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სპორტის მინისტრი გურჯაანის მუნიციპლიტეტში, სოფელ ზეგაანის საჯარო სკოლას სავარჯიშო დარბაზისათვის სპორტულ ინვენტარს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბური სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა დაიწყო.
სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ეჯიბრებიან. შეჯიბრებები იმართება მხიარულ სტარტებშიც.
ოლიმპიადის ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში”, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება. 
ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.
მასშტაბური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება და პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.