გურჯაანში „ფრანკოფონიის კვირეული“ ჩატარდა
ფრანგული ენა მსოფლიოში მეორე ენაა ინგლისურის შემდეგ, რომელსაც სასაუბროდ მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 70-მდე ქვეყნის 300 მილიონამდე ადამიანი იყენებს.
“ფრანკოფონია”არის იმ ხალხთა პოლიტიკურ-კულტურული ერთობლიობა, რომელთა მშობლიური ან სახელმწიფო ენა არის ფრანგული. ყოველი წლის მარტში, მთელი თვის მანძილზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი უამრავი ღონისძიება. 2004 წლიდან საქართველო დამკვირვებლის სტატუსით არის გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში.
საფრანგეთის საელჩოს, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უამრავი ღონისძიება ტარდება. თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწყობა გამოფენები, თეატრალური შეხვედრები და სხვა ღონისძიებები. კვირეულში მონაწილეობას სკოლის ფრანგული ენის პედაგოგის, მარინა იაკობიშვილის ინიციატივით სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაც აქტიურად იღებს.
„სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს ამ მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნა. ვატარებთ საჩვენებელ გაკვეთილს, ფრანკოფონული ქვეყნების პრეზენტაციას, ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენებას, კალიგრაფიის კონკურსს დამწყებებთან, საფრანგეთისა და მისი დედაქალაქის ვირტუალურ დათვალიერებას.“- განუცხადა knews.ge -ს მარინა იაკობაშვილმა.
წლევანდელ კვირეულზე ფრანკოფონიისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. ბოლოს კი „ფრანკოფონია-2015″-ის დღეების დახურვა მოეწყო.
ფრანგული კულტურითა და ენით დაინტერესებული საზოგადოება ‘ფრანკოფონია-2016’-ს კვლავ ინტერესით ელის.