თელაველ ნათელა კვიტაშვილს გულის ოპერაციის გამო დახმარება შეუწყვიტეს
მარტოხელა მანანა კვიტაშვილის საცხოვრებელი სახლის ოთახები გასარემონტებელია. კორპუსის სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. მანანა კვიტაშვილის ერთადერთი შემოსავლის წყარო ყოველთვიური პენსიაა. მას არც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არ გააჩნია. ყველა ეს მონაცემი შესულია სოციალური აგენტის მიერ შევსებულ დეკლარაციაში, მაგრამ სოციალურად დაუცველის მტკიცებით, მისი სარეიტინგო ქულა 61 000-ით მას შემდეგ განისაზღვრა, რაც მან გულის გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.
“აგენტმა ჩაწერა ის, რაც ნახა. მას ვერ დავემდურები. სოციალური დახმარება 10 აპრილიდან შემიწყვიტეს და მითხრეს, რომ თუ დაგენიშნებაო, ერთად მიიღებ მაისის ან ივნისის ბოლოსო. როდესაც გავიდა ეს დრო და არ დამერიცხა თანხა, მივედი სოც. დახმარების სააგენტოში და დავინტერესდი, რატომ შემიწყვიტეს დახმარება, რადგან არაფერი შემიძენია. პირიქით ქარიშხლის დროს ყველაფერი დაზიანდა. მითხრეს, რომ სანამ ოპერაციას გაიკეთებდიო, სიცოცხლისათვის საშიში დაავადება გქონდაო და იმის გამო., რიმ ოპერაცია გაიკეთე, ქულებმა თავისთავად აიწიეს მაღლაო. ვუთხარი, რომ მცოდნოდა ოპერაციას არ გავიკეთებდიო, რადგან რა მნიშვნელობა აქვს შიმშილით მოკვდებოდი თუ დაავადებით მეთქი”, – განუცხადა knews.ge-ს, მანანა კვიტაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ნოღაშვილი მანანა კვიტაშვილისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზად ოპერაციული მკურნალობის ჩატარებას გამორიცხავს. ნოღაშვილი, ამავე დროს, სახელმწიფოს შემწეობის მოხსნის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს.
“არსად არ ჩანს, რომ ოპეარციის გამო შეუწყდა სოციალური დახმარება. შესაძლოა, ქალბატონო მანანა თვითონ ფიქრობს, რომ გადაუდებელი ოპერაციის გაკეთების გამო შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აგენტი ამას არ ეტყოდა. რადგან მას ოჯახის წევრი გარდაეცვალა, უნდა შევსებულიყო ახალი დეკლარაცია. ეს ინფორმაცია დადასტურებულია მანანა კვიტაშვილის ხელმოწერით. ოჯახის დეკლარაცია განთავსდა ბაზაში და 30 კალენდარულ დღეში დაითვალა სარეიტინგო ქულა მთავრობის 2010 წლის დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდოლოგიით და მიენიჭა 61 000 ქულა. ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს, რატომ შეუჩერდა მას სახელმწიფო შემწეობა. ქულა ითვლება პროგრამულად და ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში ”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ნოღაშვილმა.
ჯერ კიდევ ივლისში კი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დააანონსა, რომ შეიცვლებოდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ოჯახის მდგომარეობის შეფასებისას არ იქნებოდა გათვალისწინებული სუბიქეტური ფაქტორები (საოჯახო ტექნიკა, ოჯახის წევრთა ჩაცმულობა, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.). მინისტრმა იმის პირობაც დადო, რომ შეფასების ახალი კრიტერიუმები იქნებოდა მაქსიმალურად ობიექტური და სამართლიანი.
ჯანდაცვის მინისტრის დაპირებიდან 9 თვის შემდეგ არაფერი შეცვლილა. დღემდე უცნობია, როდიდან შეაფასებენ სოციალური მომსახურების აგენტები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ახალი კრიტერიუმების მიხედვით.