თელავის ახალგაზრდულმა ცენტრმა 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა
ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა ბუიანოვას განცხადებით, პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებდა სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში:
,,პროექტი დაიწყო 2011 წლის სექტემბერში და დასრულდა 2015 წლის თებერვალში. გაუმჯობესდა ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის. ახალგაზრდები ერთად მუშაობდნენ სტერეოტიპების წინააღმდეგ. პროექტის ფარგლებში, 10 პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციის ბაზაზე, საქართველოს 13 ქალაქში, 13 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას“.
თელავის ახალგაზრდული ცენტრი – „საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელი „საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის (ANI) ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს პარტნიორ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.