საქართველო-ნატოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დაამტკიცეს
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) განიხილეს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით წარედგინება ნატოს მხარეს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტს მიმდინარე წლის აპრილში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. დოკუმენტი იმ მნიშვნელოვან რეფორმებს ასახავს, რაც საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას შეუწყობს ხელს.