ახალი ამბები

კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციები თოფაძის განცხადებას აკრიტიკებენ

გოგი თოფაძე არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყარო და საქმიანობა:

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ“.

თელავში საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბემონის“ წარმომადგენლის,  ლიკა ძამუკაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამის გარდა, ის  მრავალი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება:
,,არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ბევრი ისეთი პროექტის განხორციელებას, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით. მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები/ტრენინგები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ცალკეული სოც. ჯგუფების კეთილდღეობისთვის განხორციელებეული პროექტები და სხვა.“
კავკასიის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კახეთის წარმომადგენლის, კახა სუხიტაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობის წევრის მოსაზრებას ხელისუფლების უფრო გავლენიანი წარმომადგენლები არ გაიზიარებენ:
,,
ამ ეტაპზე საქართველოში არასამთავრობო სექტორი  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უალტერნატივო იარაღი, ასევე პრობლემების წამოჭრისა და ადვოკატირების ძლიერი ფლანგი. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა ამ პროცესების განვითარებასაც დააბრკოლებს, რაც არ არის გამორიცხული, გარკვეულ ადამიანებს აწყობდეთ“.

არასამთავრობოების წინააღმდეგ დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამიჯვნა ცხოვრებისგან გამიჯვნას ნიშნავს:
,,არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამიჯნულ ადამიანებს მერე ვეღარ ვპოულობ ხოლმე. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ცხოვრებისგან გამიჯვნას, ეს ნიშნავს საზოგადოებისგან გამიჯვნას და არ მგონია, ვინმე ამას აპირებდეს”, – აცხადებს უსუფაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, განცხადება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მიუღებელია. ორგანიზაციის ხელძღვანელის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, საია ვერანაირად ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა რაიმე სახით ან დოზით არის არასახელმწიფოებრივი ან ძირს უთხრის სახელმწიფო ინტერესებს:
,,ასეთი ტიპის განცხადებები არ არის დამახასიათებელი არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის და ცალსახად მიმართულია იქით, რომ დაემუქროს განსხვავებულად განწყობილ ადამიანებს და ორგანიზაციებს”.