ჟურნალისტთა ასოციაცია პრემიერს მედიის დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ გადადო საჯარო მფლობელობაში არსებული შპს “ენერჯი გრუპის” საქმის განხილვა რომლის გამო, უკვე მეორე წელია, ჭიანურდება რადიო ჰერეთისთვის თბილისში სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა.
2013 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა კომპანიას, ომელსაც საჯარო მოხელეები ფლობდნენ და მართავდნენ. აღნიშნული გარემოება ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის, საპარლამენტო კომისიის და სხვა ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპზე“ გაცემული რადიოსამაუწყებლო ლიცენზია.
რაც შემდგომში გაასაჩივრა ამ კომპანიამ. თუმცა მოსარჩლეები ამ დრომდე არ მიდიან სასამართლოში რითაც მეორე წელია აჭიანურებენ დავის განხილვას და შესაბამისად, რადიო ჰერეთისთვის ლიცენზიის გაცემას.
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ადეკვატური ღონისძიებები განახორციელოს თავის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული დამოუკიდებელი მედიის დისკრიმინაცია და მეორე მხრივ, საჯარო პირთა მხრიდან კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებების განხორციელება.
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, 2000 წლიდან, მსოფლიოს უდიდესი ჟურნალისტური გაერთიანების – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში
ინფორმაციას media.ge ავრცელებს

