სატენდერო პირობების დარღვევის გამო სოფელს წყალი აღარ მიეწოდება
სოფელ ვარდისუბანში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, სიმონ ბაღანაშვილის თქმით, წყლის სისტემის სამუშაოები გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ტონაკომ’’ რამდენიმე თვიანი დაგვიანებით დაიწყო.
მისივე თქმით, გარდა ამისა შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა.
მისივე თქმით, სოფელში არსებულ სიტუაციას ადგილობრივი თვითმართველობის და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები გაეცნენ. ბაღანაშვილის განმარტებით, დაგეგმილია ექსპერტიზის ჩატარება, რომლის შემდეგაც დაიდება დასკვნა თუ როგორ უნდა გამოსწორდეს დაშვებული ხარვეზები.
,,კომპანიას სამუშაოების შეჩერების თხოვნით მივმართეთ, რადგან დრენაჟის განთავსების ადგილი დაგეგმილს არ ემთხვეოდა. ასევე გამოიკვეთა სხვა ხარვეზებიც, მაგალითად კოორდინატების ცდომილება, კედლის სისქე და სხვა. დაგეგმილი იყო ახალი დრენაჟის გაკეთებამდე ძველს ემუშავა და სოფელს წყლის მიწოდების პრობლემა არ ჰქონოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. ახლა კი საჭირო მარაგი აღარ გვაქვს და ადრე თუ 5 საათით ვაწვდიდით წყალს სოფელს ახლა 2 საათიც ვერ ვამარაგებთ. ზოგ უბანს ხან ოთხ დღეში ერთხელ მიეწოდება წყალი. პრობლემის გამოსწორების მიზნით, სოფელში იმყოფებოდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელიც დასკვნას რამდენიმე დღეში მოამზადებს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება როდის და რა პირობებით გაგრძელდება სამუშაოები, ’’- განაცხადა სიმონ ბაღაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა კი წყლის პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, უწყლოობის პრობლემა სოფელს 2 წელზე მეტია აწუხებს.
ვარდისუბნელების თქმით, ონკანზე წყალი დღეგამოშვებით რამდენიმე საათით მოდის, რის გამოც საჭირო მარაგის აღებას ვერ ახერხებენ.
,,სოფელს უკვე 2 წელია წყლის პრობლემა აწუხებს. წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება და ისიც რამდენიმე საათით, რაც არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წყლის რესურსის საკმარისი მარაგი გაგვაჩნია, პრობლემა მაინც არ გვარდება. უწყლოობა ზაფხულში უფრო გვაწუხებს, რადგან სიცხეში საერთოდ არ მოდის. შარშანაც ასე იყო,’’- განუცხადა Knews.ge-ს ვარდისუბანში მცხოვრებმა გიორგი ბაღანაშვილმა