თესაუს რექტორობის პრეტენდენტმა გიორგი გოცირიძემ კანდიდატურა მოხსნა
გოცირიძის განცხადებით, უნივერსიტეტში არ არსებობს ადმინისტრაციული და აკადემიური რესურსი, რომლის მეშვეობითაც ის თავისი სამოქმედ პროგრამას განახორციელებს. რექტორობის ყოფილი კანდიდატი რაიმე ზეწოლას გამორიცხავს:
„სამოქმედო გეგმის განხორციელებას აუცილებლად სჭირდება ობიექტური და სუბიექტური ხელსაყრელი გარემოებების არსებობა. დღეისათვის, სამწუხაროდ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმავე მიზეზების გათვალისწინებით შენებისათვის მზად არ არის. ამიტომ სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩემი კანდიდატურის მოხსნის შესახებ მივიღე გადაწყვეტილება“, – განუცხადა Knews.ge-ს რექტორობის ყოფილმა კანდიდატმა.
გიორგი გოცირიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2004-2010 წლებში იყო. იგი თანამდებობიდან გადადგა 2010 წლის 8 სექტემბერს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომამდე წინა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას განაგრძობს სამი კანდიდატი: რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, თეიმურაზ ქორთუა და ბესიკ სეხნიაიძე.