ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა 2014 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული იურიდიული პირების – ა(ა)იპ „აგროსა“ და შპს „აგრო ქართუს“ ბაზებზე, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა მრავალწლოვანი კულტურების ბაზა (80 ჰა) მცხეთის რ-ნში, სოფ. ჯიღაურაში; ქართული ენდემური (437) და უცხოური (350) ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულები.
ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა ა(ა)იპ „აგროსა“ და შემდგომში – სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის მიერ დაინტერესებულ პირებზე ვაზის ნერგების გაცემის წესი და პროცედურა. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ სანერგე მასალა სარეალიზაციოდ უნდა გამოტანილიყო აუქციონის წესით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნერგები პირდაპირი გაყიდვების წესით გასხვისდება. გასაყიდად გამოტანილი იქნება ოთხმოცამდე ქართული და ოცამდე უცხოური ჯიშის ვაზის ნერგი, რომლებიც მერყეობს 1-დან 2 ლარამდე საფასო სეგმენტში.
გაყიდვები დაიწყო 18 მარტს და გაგრძელდება ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, დილის 11-დან 16 საათამდე. სარეალიზაციო რესურსის ამოწურვამდე სოფელ ჯიღაურაში მდებარე მეურნეობის ტერიტორიაზე. ვაზის ნერგების შეძენის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ სანერგე მასალის ასორტიმენტსა და ფასებს და შეიძინონ მათთვის სასურველი ნიმუშები.