“ჰერეთის” დამფუძნებელი პრემიერ-მინისტრს მიმართავს
სამხარაძე მიმართვაში აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოპოვებაში ხელს სავაჭრო-პალატის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი. knews.ge ,,ჰერეთის” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გაცნობებთ, რომ 17 მარტს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე გადადო საჯარო მოხელეების: კახა ბაინდურაშილის და ლაშა ჩხენკელის მფლობელობაში არსებული შპს “ენერჯი გრუპის”საქმის განხილვა, რომლითაც წელიწადზე მეტია შეგნებულად ჭიანურდება რადიო ჰერეთისთვის თბილისში სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, 2013 წლის 26 აგვისტოს, საკითხის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა კომპანიას, რომელიც თანამდებობის პირების ხელშია და ამასთანავე არ აკმაყოფილებდა არც საკონკურსო პირობებს და არც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მოგვიანებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის დასკვნების და პროტესტების საფუძველზე (რომელშიც კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებად არიან აღიარებულნი) თავად გამოაცხადა ძალადაკარგულად შპს „ენერჯი გრუპის“ მფლობელების კომპანიაზე გაცემული რადიოსამაუწყებლო ლიცენზია.
აღნიშნული პირები დღესაც არიან თქვენი მთავრობის მაღალჩინოსნები და იკავებენ სავაჭრო-პალატის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებს. ამ კომპანიის დამფუძნებლები ახლა ასაჩივრებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებას, ხოლო თავად მეორე წელია არ მიდიან სასამართლოში საქმის გაჭიანურების მიზნით.
ბატონების კახა ბაინდურაშილის და ლაშა ჩხენკელის ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მაუწყებლობის შესახებ კანონს და საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებს. ასევე ზიანს აყენებს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას და ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე.
ვინაიდან თქვენ დაგვპირდით და ბრძანეთ, რომ პირად კონტროლზე აიყვანდით რადიო ჰერეთის საქმეს და ამასთანავე კანონმდებლობის მიხედვითაც, სავაჭრო-სამრეწველო პალატას სწორედ თქვენ ზედამხედველობთ, ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, მოსთხოვოთ აღნიშნულ პირებს შეწყვიტონ საქმის წარმოება სასამართლოში, ვინაიდან ზიანდება რადიო ჰერეთის კანონიერი უფლება – დროულად მოიპოვოს სამაუწყებლო ლიცენზია დედაქალაქში მაუწყებლობისთვის, რომელსაც მერვე წელია ელოდება.
რადიო ჰერეთმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო პროცესი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და ახლა კომისია სააპელაციო სასამართლოში გვედავება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას დაევალა ჰერეთის დოკუმენტაციის ხელახლა შესწავლა და შესაბამისი აქტის გამოცემა.
ბატონები კახა ბაინდურაშილი და ლაშა ჩხენკელი პროცესს შეგნებულად და უკანონოდ წელავენ, ვინაიდან სარჩელში ისინი უტიფრად ამტკიცებენ რომ არ არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ჩვენი და კომისიის დავა კი სააპელაციოში მანამ არ განახლდება, ვიდრე კომისიასა და თქვენი მაღალჩინოსნების საქმე არ დასრულდება პირველ ინსტანციაში.
იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული მანკიერი წესი მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შეფერხებასთან დაკავშირებით, არ გაგრძელდება თქვენი მმართველობის ქვეშ.