საგნობრივი გამოცდებისთვის პედაგოგთა რეგისტრაცია დაიწყო
უწყებაში აცხადებენ, რომ 2015 წელს საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ. მოქმედი პედაგოგისათვის რეგისტრაცია უფასოა და ელექტრონულად შემდეგ ვებგვერდებზე ხორციელდება: www.naec.ge ანwww.online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოქმედი პედაგოგისათვის სავალდებულო ხდება.
“საგნის გამოცდა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია (VII-XII კლასები); გეოგრაფია (VII-XI კლასები); სამოქალაქო განათლება. ფიზიკა (VIII-XI კლასები); ქიმია (VIII-XI კლასები); ბიოლოგია (VIII-XI კლასები). ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული. ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge“, _ განმარტავენ უწყებაში.