ახალი ამბები

თელავის გამგეობა 40 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს ერთ კვირაში გამოაცხადებს

,,სავარაუდოდ კონკურსი დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე ერთ კვირაში გამოცხადდება. საკონკურსო მოთხოვნებში კი ცვლილება არ იქნება შეტანილი და იგივე დარჩება,”- განუცხადა Knews.ge-ს ანა ჩაკვეტაძემ.

გამგეობაში განმარტავენ, რომ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებთ. 

,,გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დარჩენილ 40 ვაკანტურ თანამდებობაზე კომისიამ აპლიკანტები ვერ შეარჩია. კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. კონკურსანტებს, რომლებიც გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ, ტესტირებაზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ”,- განუცხადა knews.ge-ს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო აფციაურმა. 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, გასაუბრების ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა, კონკურსის ბოლო ეტაპზე კი არ გამოცხადდა 13 აპლიკანტი.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი 103 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს, ხოლო 8 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს, პაატა გიორგობიანს უკვე წარუდგინა.