საგარეჯოელები ყურძნის საფასურის ანაზღაურებას ითხოვენ
მოსახლეობისვე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ყურძნის საფასურს ვერ მიიღებენ, მიწების და ვენახების დამუშავებას ვეღარ მოახერხებენ:
,,მე და ჩემმა ნათესავებმა 22 ათასი ლარის ღირებულების საფერავის ჯიშის ყურძენი ოქტომბრის თვეში ,,ელიკას” ჩავაბარეთ, თუმცა საფასური ჯერ არ აგვიღია. აღარ ვიცით რა ვქნათ, თითქოს ერთ ადგილას ვართ გაყინულები, ვერაფერს ვაკეთებთ. თუ არ მოგვცეს ფული, მომავალი წლისთვის ვერ დავამუშავებთ ვენახს და მშივრები დავრჩებით. რამდენჯერმე მივაკითხეთ ქარხანას და მის დირექტორს და ფულს ვთხოვდით, მაგრამ უარით გამოგვისტუმრა, არ მაქვს თანხაო, ”– განაცხადა საგარეჯოს მკვიდრმა ალექსი გულაღაშვილმა.
გარდა გულაღაშვილების ოჯახისა, ჩაბარებული ყურძნის საფასური რამდენიმე ათეულ მევენახეს ამ დრომდე არ მიუღია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელსაც ყურძენი ჩააბარეს, ქვეყნიდან წავიდა, შესაბამისად, გაურკვეველია მათი დავალიანების დაფარვის საკითხი:
,,ვითხოვთ ჩვენს ფულს, სხვა არაფერი გვინდა. შიმშილისთვის ვართ განწირულები. გვეუბნებიან იჩივლეთო, მაგრამ ის რომ ციხეში ჩასვან ჩვენ რა გვეშველება, ფულს ვინ მოგვცემს. აღარ ვიცით რა გავაკეთოთ. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას,”- ამბობს საგარეჯოს მკვიდრი დავით ცხოვრებაძე.
მუკუზნის ღვინის ქარხნის დირექტორის, ნოდარ კირვალიძეს თქმით, მისთვის უცნობია სად იმყოფება შპს ,,ელიკას” დირექტორი. მისივე ინფორმაციით, ელიზბარ დათუაშვილმა ჩაბარებული ყურძნის ნაწილის საფასური გადაიხადა, ნაწილი გასასტუმრებელი აქვს:
,,ჩემი ინფორმაციით, ყურძნის საფასური მევენახეების ნაწილს აუნაზღაურა. დღემდე კი სხვებიც მოდიოდნენ და ითხოვდნენ დავალიანების დაფარვას, მაგრამ თვითონ საქართველოში არ არის, წასულია,”- განაცხადა ,,რუსთავი 2”-თან საუბრისას ნოდარ კირვალიძემ.