გურჯაანში 24 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა
მუნიციპალიტეტის გამგეობაში 22 ვაკანტური, ხოლო საკრებულოში 2 ადგილია დარჩენილი. დაინტერესებული პირებს 13 მარტამდე შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა მაისურაძის თქმით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩააბარეს ტესტირება, მოუწევთ კონკურსის მხოლოდ პირველი და მესამე ეტაპების გავლა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე რეგისტრაციასა და გასაუბრებას გულისხმობს:
,,იმ კონკურსანტებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩააბარეს ტესტირება და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მოუწევთ კონკურსის მხოლოდ პირველი და მესამე ეტაპის გავლა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე რეგისტრაციასა და გასაუბრებას გულისხმობს. მათ, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებულ ტესტირებაზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ისინი გასაუბრებაზე არ შეარჩია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებული რომელიმე ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის მეორე ეტაპზე აღარ მოუწევთ ტესტირების ჩაბარება. მათ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში მოუწევთ შესაბამისი ცნობის წარდგენა, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში აქვთ ტესტირება ჩაბარებული. მათ კი, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას და ტესტირებაზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, არ მოუწევთ შესაბამისი ცნობის წარდგენა. პრეტენდენტებს წინა კონკურსის მიერ მიღებული ქულები 6 თვის ვადაში შეენახებათ,“ – განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე, თავდაპირვლეად, 219 მონაწილიდან 137 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 112 კონკურსანტი შეარჩიეს.