ბოდბესა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 2 831 384,37 ლარი დაიხარჯება
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოებზე 40 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და პროექტის ღირებულება 2 831 384,37 ლარს შეადგენს .
სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი კახეთის გუბერნატორ, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად გაეცნო.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონის მილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე ეზოს შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ექვსზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო.
,,გზას რეაბილიტაცია 1985 წლიდან არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, ექვსი სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე – კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. აღნიშნული სოფლებისთვის ეს არის უმოკლესი გზა ასევე დედაქალაქთან დასაკავშირებლად”, – აცხადებენ სამინისტროში.