კახეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის სამსახურის ინფორმაციით, პროექტში სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11901 ფერმერი ისარგებლებს. პროექტის ბენეფიციარები არიან ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა-ს; ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და გააჩნიათ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არის არაუმეტეს 1.25 ჰა-სი; პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ სუბსიდიას სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის, ან „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების სახით.
მოსარგებლეები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, „აგრო ბარათზე“ 50 ქულას მიიღებენ. ბენეფიციარებს, 0,25-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით გააჩნიათ მიწის ნაკვეთი და იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად, გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. იმ მოსარგებლეებს კი, რომელთაც აქვთ 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია მრავალწლიანი კულტურული ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
ბარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის – სასუქის, სათესლე მასალის, სანერგე მასალის და მცენარეთა მოვლის საშუალებების შეძენა. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ბენეფიციარებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით „ლიბერთი ბანკს“ უნდა მიაკითხონ. 0,25 ჰა-მდე მიწის მფლობელ მოსარგებლეებს მათი კუთვნილი 50 ქულა „აგრო ბარათზე“ 1 მარტს დაერიცხებათ. 2015 წლის 1 დეკემბერს ბარათზე დარიცხული და გამოუყენებელი ქულები ანულირდება.