თელავის მერი დღეს განათლების გამოფენას გახსნის
12:45 სთ-ზე კი ღონისძიების საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენციას გამართავს. განათლების გამოფენა ,,მომავალი შენია” ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით იმართება.
განათლების გამოფენა კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროში მომუშავე ასეულობით აქტორს წარადგენს.
პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მასშტაბური გამოფენა რეგიონის წამყვანი საგანამანათლებლო და ბიზნეს სექტორების მონაწილეობით, რომელიც დააკავშირებს განათლების პროვაიდერებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს ერთმანეთთან და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.
პროექტის მენეჯერის თქმით, განათლების გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ „კავკასიის ქალაქთა ქსელის“ პროექტი.
განათლების გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების სამინისტრო, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, თელავის, ყვარლის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი, პროფესიული კოლეჯები, საჯარო სკოლები და რეგიონში არსებული ბიზნესის ფართო სპექტრი.