მთავრობა შრომის პირობების მონიტორინგს იწყებს
როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ წერილობითი თანხმობა განაცხადეს და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმიანობის სიდიდეზე, თუმცა ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღით არის განსაზღვრული. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით არის შესაძლებელი. სამუშაო ჯგუფის მიერ დამსაქმებელს 5 სამუშაო დღით ადრე გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება მონიტორინგის დაწყების თარიღის შესახებ.