გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა 25 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს
ზაქრო ქაჩლიშვილის თქმით, ამ დროისთვის გამგეობაში 6 ვაკანტური ადგილია, საკრებულოში 8, ხოლო 11 ადგილი სამსახურების სპეციალისტების პოზიციაზეა თავისუფალი.
,,სულ შემოსული იყო 341 განაცხადი, საიდანაც 219-მა გადალახა ტესტირების ეტაპი, რომლებიც შემდეგ გასაუბრებაზე გავიდნენ. რაც შეეხება საკრებულოს 24 ტერიტორიული ერთეულიდან შეივსო 16, ხოლო 8 ადგილი ვაკანტურია. გარდა ამისა სპეციალისტების პოზიციაზე 51 შეივსო და 11 ვაკანტურია’’, – განუცხადა Knews.ge-ს ზაქრო ქაჩლიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დროისთვის კონკურსის ბოლო ეტაპი გასაუბრება დასრულდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ ვისაც რაიმე სახის პრეტენზია აქვთ, შეუძლიათ საპრეტენზიო კომისიას განცხადებით მიმართონ.
,, საპრეტენზიო კომისიაში ამ დრომდე 11 განაცხადია შემოსული. კონკურსანტებს 2 დღიანი ვადა ჰქონდათ, რომ ჩვეთვის მოემართათ. ყველა განცხადებას განვიხილავთ და შედეგებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარვუდგენთ, რომელიც იმსჯელებს’’,- განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ყვირალაშვილმა.
გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ისინი რომლებმაც ტესტირება წარმატებით ჩააბარეს, თუმცა გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უპირისპირდებიან და ყველა კონკურსანტის შედეგების გასაჯაროვებას ითხოვენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტის, ეკატერინე ნაქევხრიშვილის თქმით, ის უწყებაში 11 წლის განმავლობაში ერთ პოზიციაზე მუშაობდა. მისივე თქმით, ტესტირებაზე 40 ქულა დააგროვა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი გასაუბრებაზე სპეციალურად ჩაჭრა.
,,11 წელი ვმუშაობდი გამგეობაში და ერთი გაფრთხილება ან საყვედური არ მიმიღია. ადრე თუ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს ახლა რა შეიცვალა? ტესტირებაც წარმატებით ჩავაბარე, 40 ქულა მივიღე. მინდა ავღნიშნო, რომ ტესტირებაზე გასული 213 კანდიდატიდან, მხოლოდ 13-მა ავიღეთ ასეთი მაღალი შეფასება, მაგრამ აქედან უმეტესობა სამსახურის გარეშე დარჩა. აიყვანეს ის ადამიანები, რომლებმაც დაბალი ქულები მიიღეს. გასაუბრებაზე სპეციალურად ჩამჭრეს, ის კითხვა დამისვევს რასაც სხვებს არ ეკითხებოდნენ. ერთ -ერთი კანონის მუხლების და ქვეთავების რაოდენობის ჩამოთვლა მომთხოვეს. არ მევალებოდა ამის ცოდნა და ვერ გავეცი პასუხი. ახლა ვითხოვ მომცენ გასაუბრების ოქმი, მაინტერესებს რა არ დავაკმაყოფილე, რომ უარით გამომისტუმრეს. საჯარო ინფორმაცია მაქვს გამოთხოვილი, მაგრამ არ მაძლევენ. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამსახურში აიყვანეს ტესტირებაზე ჩაჭრილი კანდიდატები და ამას მალავენ. ველოდები ჯერ გამოთხოვილ ინფორმაციას და მერე ვაპირებ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრო’’,- განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე ნაქევხრიშვილმა.
სულ სხვას ამბობენ გამგეობაში თანამდებობებზე დარჩენილი თანამშრომლები. მათი თქმით, კონკურსის ყველა ეტაპმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა და კონკურსანტები თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.
,,მე გადავლახე კონკურსის ყველა ეტაპი და ვფიქრობ არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა’’,– განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ჩეკურიშვილმა.
გურჯაანში მიმდინარე კონკურსს, არასამთავრბო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები’’ აკვირდებოდა. ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ნანა დევიძეს თქმით, ,,სამართლიანი არჩევნები” კონკურსის დაწყების დღიდან ანხორციელებს მონიტორინგს კახეთის რეგიონში.
,,ჩვენ არ ვიყავით კომისიაში, მხოლოდ პროცესზე დაკვირვებას ვაწარმოებდით. ამ დრომდე არ იყო პრეტენზიები კონკურსანტების მხრიდან, რადგან მათ არ იცოდნენ დაიკავებდნენ თუ არა სასურველ პოზიციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანები ინიშნებიან უკვე თანამდებობებზე და ვინც ვერ დაინიშნა მათ პრეტენზიები გაუჩნდათ. ჩვენ ამას ყურადღებით შევისწავლით და თუ საჭირო გახდება სამართლებრივ დახმარებასაც აღმოვუჩენთ’’,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ნანა დევიძემ.