გამგეობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ
კონკურსის მონაწილეებმა აღნიშნული განცხადება დღეს, გურჯაანში სახალხო დამცველსა და უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს.
კონკურსანტები დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და გამგეობებში ჩატარებული კონკურსის დოკუმენტაციის გასაჯაროვებას მოითხოვენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტის, ეკატერინე ნაქევხრიშვილის თქმით, ის უწყევაში 11 წლის განმავლობაში ერთ პოზიციაზე მუშაობდა. მისივე თქმით, ტესტირებაზე 40 ქულა დააგროვა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი გასაუბრებაზე სპეციალურად ჩაჭრა.
,,11 წელი ვმუშაობდი გამგეობაში და ერთი გაფრთხილება ან საყვედური არ მიმიღია. ადრე თუ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს ახლა რა შეიცვალა? ტესტირებაც წარმატებით ჩავაბარე, 46 ქულა მივიღე. მინდა ავღნიშნო, რომ ტესტირებაზე გასული 213 კანდიდატიდან, მხოლოდ 13-მა ავიღეთ ასეთი მაღალი შეფასება, მაგრამ აქედან უმეტესობა სამსახურის გარეშე დარჩა. აიყვანეს ის ადამიანები, რომლებმაც დაბალი ქულები მიიღეს. გასაუბრებაზე სპეციალურად ჩამჭრეს, ის კითხვა დამისვევს რასაც სხვებს არ ეკითხებოდნენ. ერთ -ერთი კანონის მუხლების და ქვეთავების რაოდენობის ჩამოთვლა მომთხოვეს. არ მევალებოდა ამის ცოდნა და ვერ გავეცი პასუხი. ახლა ვითხოვ მომცენ გასაუბრების ოქმი, მაინტერესებს რა არ დავაკმაყოფილე, რომ უარით გამომისტუმრეს. საჯარო ინფორმაცია მაქვს გამოთხოვილი, მაგრამ არ მაძლევენ. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამსახურში აიყვანეს ტესტირებაზე ჩაჭრილი კანდიდატები და ამას მალავენ. ველოდები ჯერ გამოთხოვილ ინფორმაციას და მერე ვაპირებ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრო’’,– განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე ნაქევხრიშვილმა.
გურჯაანში მიმდინარე კონკურსს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები’’ აკვირდებოდა. ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ნანა დევიძეს თქმით, ,,სამართლიანი არჩევნები” კონკურსის დაწყების დღიდან ანხორციელებს მონიტორინგს კახეთის რეგიონში.
,,ჩვენ არ ვიყავით კომისიაში, მხოლოდ პროცესზე დაკვირვებას ვაწარმოებდით. ამ დრომდე არ იყო პრეტენზიები კონკურსანტების მხრიდან, რადგან მათ არ იცოდნენ დაიკავებდნენ თუ არა სასურველ პოზიციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანები ინიშნებიან უკვე თანამდებობებზე და ვინც ვერ დაინიშნა მათ პრეტენზიები გაუჩნდათ. ჩვენ ამას ყურადღებით შევისწავლით და თუ საჭირო გახდება სამართლებრივ დახმარებასაც აღმოვუჩენთ’’,– განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ნანა დევიძემ.
გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უპირისპირდებიან ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კონკურსის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით დაბლოკეს. ,,რესპუბლიკური პარტიის” რაიონული წევრების თქმით, მათ კონკურსზე დეპუტატი ზურაბ ზვიადაური ბლოკავს.
რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბორჩაევის თქმით, პანკისის ხეობაში, სოფელ ხალაწანში გამგებლის წრამომადგენლის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობდა. მან ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, 41 ქულა მიიღო, თუმცა კონკურსის ბოლო, გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. პანკისის ხეობაში გამგებლის ყველა მოქმედი წარმომადგენელი და სპეცილისტი ტესტირების ეტაპზე ჩაიჭრა, თუმცა ისინი მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ.
„მპირდებოდნენ რომ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, ამიტომაც მივიღე მონაწილეობა კონკურსში. პანკისის ხეობაში გამგებლის წარმომადგენლების ვაკანსიის დასაკავებლად ტესტირებაზე მარტო მე გადავლახე ზღვარი და ავიღე 41 ქულა. გასაუბრებაც გავიარე, მაგრამ მაინც არ დამნიშნეს. მე კონკურენტი არ მყავდა და თან ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში 2 წლიანი გამოცდილება მაქვს. პანკისის ხეობის სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში – ხალაწანში, დუსსა და ჯოყოლოში კომისიას არ შეურჩევია ახალი წარმომადგენელი და მოვალეობის შემსრულებლებად ისევ ის ხალხი, რომლებიც ტესტირებაში ჩაიჭრნენ. ჩემს გარდა კიდევ სამი კონკურსანტ დაბლოკეს, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს, თუცა უსამსახუროდ დარჩნენ“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ბორჩაევმა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკა გიოშვილი აცხადებს, რომ პარატი შეისწავლის აღნიშნული საქმის მასალებს და დადებს გამოკვლევის შედეგების შესაბამის დასკვნას.
,, გამგეობების ყოფილ თანამშრომლებს შევხვდით, რომლებიც სადავოს ხდიან ჩატარებული კონკურსის შედეგებს და ისინი აცხადებენ, რომ მათ ტესტირებაზე მიიღეს მაღალი ქულები თუმცა გასაუბრების ეტაპი ვეღარ გადალახეს და არ დაინიშნენ თანამდებობაზე. აღნიშნულის მიზეზად ზოგი ასახელებს პირად კონფლიქტს, ზოგი პოლიტიკურ მოტივებს და სხვა. ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით და ანგარიშს გამოვაქვეყნებთ’’,-განაცხადა knews.ge -სთან მაკა გიოშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ორგანიზაცია საქმის მასალებს დეტალურად შეისწავლის და კონკურსანტებს სამართლებრივად დაეხმარება.
,,ჩვენი ორგანიზაცია თელავის მერიასა და თემში მიმდინარე კონკურსის მიმდინარეობას აკვირდება, გარდა ამისა ჩვენ ასევე გვაინტერესებს რა ხდება ამ კუთხით სხვა მუნიციპალიტეტებში. დღეს მოვუსმინეთ იმ კონკურსანტებს, რპომლებიც აცხადებენ, აცხადებენ პრეტენზიას და საუბრობენ გარკვეული დარღვევების შესახებ, რადგან მათ არ მისცეს საშუალება გადასულიყვნენ კონკურსის რომელიმე ეტაპზე. გარდა ამისა, მე მოვისმინე მოტივაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კონკურსში გასული მონაწილეების მხრდან, რომლებიც ასახელებენ გარკვეულ საფუძვლებს, და საუბრობენ მიზეზებზე რაზედაც მათ უარი ეთქვათ სამსახურში მიღებაზე. ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციებს და შევისწავლით, რომელიც საჭიროა სიტუაციის შეფასებისთვის. მხოლოდ მას შემდეგ რაც შევისწავლით დოკუმენტაციას, გავაკეთებთ ანალიზს და შესაბამისად შევთავაზებთ მათ გარკვეული სახის სამართლებრივ დახმარებას.’’