ახალი ამბები

ყვარელში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე იმსჯელეს

მინისტრის მოადგილის თქმით, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი იქმნება. 
მისივე თქმით, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ. 
“შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი კომენტარები და შენიშვნები გაკეთდა და ეს, შეძლებისდაგვარად, ასახული იქნება პროექტის საბოლოო ვარიანტში”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ. 
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის, საშა გრაუმანის თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს და მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებას. 
“ჩვენ მოუთმენლად ველით კოდექსის ძალაში შესვლას და, ამავე დროს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ მის იმპლემენტაციას”, – განაცხადა საშა გრაუმანმა. 
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. 
უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის – “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” – მხარდაჭერით მოამზადა.