ახალი ამბები

ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობასთან მისი შვილის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს (R)

ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი, მეტსახელად ლეკი, ეხმაურება „რუსთავი 2“- ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ანონსს, რომელიც ეხება 2014 წლის 14 ივნისს, თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე არჩილ მაისურაძის, იგივესტარიჩოკასმკვლელობას. შოთა დემინაშვილი გამორიცხავს მისი შვილის, დავით დემინაშვილის რაიმე კავშირს `სტარიჩოკას` მკვლელობასთან და გადაცემის წამყვანს, ეკა კვესიტაძეს ტენდენციურობაში ადანაშაულებს. ის ამავე დროს ჟურნალისტებს არჩილ მაისურაძის მკვლელობის ობიექტურ გაშუქებას სთხოვს.

ბიზნესმენი ამავე დროს ტელეკომპანია `რუსთავი 2-ს ჟურნალისტური სტანდარტებისა და , უდანაშაულეობის პრეზუმფციის დარღვევაშიც ადანაშაულებს. დემინაშვილი ამბობს, რომ  შსს-ს ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მეუღლე, გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე, ბოლომდე გამოუძიებელ საქმეს „შეკვეთილი მკვლელობის“ კვალიფიცირებას აძლევს და ამბობს, რომ კვალის დაფარვაში, მოკლულის ოჯახის მტკიცებით, კახეთის სამართალდამცავი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები.

„რუსთავი-2 ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიაა. ეკა კვესიტაძე კი სცენების დამდგმელია. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული. დამიმტკიცონ. კვესიტაძეს მცდელობაც კი არ ჰქონია, რომ ფაქტები ბოლომდე გადაემოწმებინა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია“, – აღნიშნავს შოთა დემინაშვილი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი კი განმარტავს, რომ მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას  და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ჟურნალისტი მხოლოდ მოკლულის, არჩილ მაისურაძის დის, სალომე მაისურაძის განცხადებას ეყრდნობა და „სტარიჩოკას“ მკვლელობის შემკვეთად დავით დემინაშვილს წარმოაჩენს და მტკიცებით ფორმაში მოწმეების დაშინებასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. ეკა კვესიტაძე ასეთ კითხვას სვამს: „როგორ იფარება მოწმეების დაშინებისა და შანტაჟის გზით დანაშაული, რომელიც ლეკს, იგივე დავით დემინაშვილს უკავშირდება?“

შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, მოკლულ არჩილ მაისურაძეს, მის მიერ ე.წ. კანონიერი ქურდის „ვანცეტას“ მოკვლის შემდეგ, რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მათ შორის მაშინაც, როდესაც „სტარიჩოკა“ უცხოეთში სამართალდამცავებს ემალებოდა. დემინაშვილი ამ საქმესთან რაიმე კავშირს გამორიცხავს და ბრალდების მიზეზად მის მიმართ ოპოზიციური პარტიის წარმოამდგენლების ანგარიშსწორებას ასახელებს.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ ქალაქ თელავის მერობის ყოფილი კანდიდატები გიორგი მოსიაშვილი და თამაზ არჯევანიძე მოკლულის ოჯახის წევრებს აქეზებენ იმ მიზნით, რომ დემინაშვილმა თავის დროზე არჩევნების მხარდაჭერაზე უარი უთხრა და რომლებიც ამის გამო მის შვილს ადანაშაულებენ მკვლელობის ორგანიზებაში.

იმ მკვლელობაზე, რაზედაც საუბრობენ, არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ გააჩნიათ, რადგან ბუნებაში არ არსებობს. არც მე და არც ჩემი შვილი საერთოდ არ ვიცნობდით  გარდაცვლილ აჩიკო მაისურაძეს, არც მასთან დაპირისპირებულ „ქურდებს“. ჩვენი საქმე ბიზნესია და მხოლოდ ამით ვართ დაკავებული. ამ საქმესთან ჩვენი სახელის მიწებება, მხოლოდ იმათ აწყობთ, ვინც ჩემგან ხან ფულს ითხოვდა, ხან გვერდში დგომას“, – აღნიშნავს შოთა დემინაშვილი.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მისი იმიჯისა და რეპუტაციის წინააღმდეგ სწორედ მოსიაშვილი და არჯევანიძე მუშაობენ. წარმოებულ კამპანიას დემინაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან უარი განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებისას ამ ორი კანდიდატის  წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაზე.

შოთა დემინაშვილი ამავე დროს გამორიცხავს მისი შვილის დავით დემინაშვილის კავშირს დანაშაულებრივ სამყაროსთან და არჩილ მაისურაძის მკვლელობასთან. „ჩემი შვილი რა შუაშია?  ჩემს შვილს ჩემთან ერთად აქვს ბიზნესი აწყობილი. დიდი ხანია, რაც ჩვენ ვშრომობთ. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე და პოლიტიკაში არანაირად არ ვერევით. ჩემი შვილი იმ მკვლელობის დროს იქ არ ყოფილა. ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. მერობის კანდიდატებმა გიორგი მოსიაშვილმა და თამაზ არჯევანიძემ მთხოვეს, რომ მხარე დამეჭირა მათთვის, მაგრამ მე უარი განვაცხადე და პირდაპირი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატზე, პლატონ კალმახელიძეზე გამოვხატე. ის ერთადერთი ღირსეული, განათლებული, თანამედროვე მენეჯმენტის ნიჭით დაჯილდოებული კანდიდატი იყო.  აი ამის შემდეგ მოსიაშვილი და არჯევანიძე გაერთიანდნენ და განაწყენებულებმა, ბინძური მეთოდებით დამიწყეს ბრძოლა. ახლა ოჯახი ჩემს შვილს „სტარიჩოკას“ მკვლელობაში ადანაშაულებს სწორედ იმიტომ რომ მოსიაშვილი და არჯევანიძე აქეზებენ მაგათ. გიორგი მოსიაშვილსა და თამაზ არჯევანიძეს არანაირი სიკეთე არ გაუკეთებიათ თელავისთვის და ისინი გაბოროტებულები არიან. მოსიაშვილი მთვრალიც კი მოვიდა და მლანძღავდა. გიორგი მოსიაშვილს რამდენჯერმე ფინანსური დახმარებაც კი გავუწიე, მაგრამ რად გინდა? მტრად გადამეკიდა. ამგვარი დისკრედიტაციით ზიანი ადგება ჩემს კომპანიას– შპსბუნებრივი აირი, რომელსაც ამ დროისთვის დასაქმებული ჰყავს 350–ზე მეტი ადამიანი, კახეთში ამუშავებს რამდენიმე ავტოგაზ გასამართ სადგურს; ორ სასტუმროს ქალაქ თელავში; უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენებს ტურისტულ კომპლექსს, რომლის ინვესტიციაც საერთო ჯამში 7 მილიონ ლარს შეადგენს“, – აცხადებს შოთა დემინაშვილი.

გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ანონსში კვესიტაძე კიდევ ერთ ინტრიგას უტოვებს მაყურებელს და სვამს შემდეგ კითხვას: ესროლა თუ არა დავით დემინაშვილმა პოლიციელს პროკურორისა და თელავის ამჟამინდელი მერის თანდასწრებით? დავით დემინაშვილი, პოლიცილი და კიდევ რამდენიმე პიროვნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიკრიბნენ რესტორან „ჭადარში“. შპს „ჭადრის“ დამფუძნებელი გიორგი ალხანაიძე ამ შეხვედრის დროს რაიმე სახის კონფლიქტს, შელაპარაკებას და ამავე დროს იარაღიდან გასროლის ფაქტს არ ადასტურებს.

„ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ეს იყო იარაღიდან გასროლა. მე ვამბობ, რომ იყო ხმა. რის ხმა იყო, არ ვიცი. ქართული შესაბამისი შესატყვისიც ვერ მოვუძებნე. იარაღიდან გასროლას ვერ ვადასტურებ, რადგან იარაღიც არ მინახავს და არც კვალი, რომელსაც ტოვებს იარაღი, არც მასრა, არც გულა. გავიგე ხმა და ამისი რუსული შესატყვისია ხლაპოკი. გავიგე გაბუთქუნება და მე არ ვიცი, რა იყო. არანაირი ჩხუბი, ხმის აწევა არ ყოფილა. როგორც ადამიანები ჩვეულებრივ სხედან და პურს ჭამენ, ისე ისხდნენ, პური ჭამეს. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და მითხრეს, რომ ფატქების დამალვა არ დაიწყოო. გავხსენი კამერები, ვაჩვენე. ჩემი ინიციატივა იყო, რომ მეჩვენებინა, რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა“, – აცხადებს გიორგი ალხანაიძე.

ბიზნესმენ, შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის თანამშრომლები ცდას არ აკლებენ, რომ დაუკავშირდნენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დემინაშვილების ოჯახთან დაპირისპირებული იქნება. ბიზნესმენის განცხადებით, ეს ინფორმაცია დემინაშვილებს ოჯახის ახლობელმა მას შემდეგ მიაწოდა, რაც მას „რუსთავის 2„-ის კორესპონდენტი პირადად გაესაუბრა. შოთა დემინაშვილის მტკიცებით, მისი შვილი, დავით დემინაშვილი გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მზადაა, სამართალდამცავების კითხვებს ნებისმიერ დროს უპასუხოს. 

ბიზნესმენ შოთა დემინაშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ. ტელეწამყვანი თამუნა გომართელი აღნიშნავს, რომ შოთა დემინაშვილი თელავისათვის მნიშვნელოვანი და დამსახურებული პერსონაა და მისი საქმიანობა ქალაქის განვითარებაზე აისახება.

„აღშფოთებული ვარ ასეთი უაპელაციო ბრალდებით. ბატონ შოთას წლებია, რაც  ვიცნობ და  ყოველთვის საამაყოა მისი საქმიანობა არა მარტო ქალაქ თელავისათვის, არამედ საქართველოსთვისაც. ამ ადამიანს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და თავისი საქმის კარგი პროფესიონალია. ჩვენ უნდა ხელს ვუწყობდეთ ასეთ ადამიანებს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ წესიერ და სუფთა წარსულის ადამიანს დაუმსახურებლად ჩირქს სცხებენ. ასე ხომ იმ ერთეულ ადამიანებსაც ვუკარგავთ ინტერესს, ვისაც თავისი ქვეყნისათვის გული შესტკივა და სიკეთეს აკეთებს? “ – აცხადებს გომართელი.

მომღელი თამუნა ამონაშვილი  დემინაშვილის მიმართ დაწყებულ კამპანიას შეკვეთილ და უსინდისო ნაბიჯად მიიჩნევს.

„გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში წლებია  დამკვიდრდა ტენდენცია, შელახონ  კარგი ადამიანების სახელი და მათი განადგურებით მიაღწიონ რაღაც შედეგებს. თუ ვინმე ძლიერია, კეთილი და მშრომელია, რატომღაც სწორედ ასეთ ადამიანებს ებრძვიან. ზუსტად ვიცი, რომ კარგ ადამიანებს უფალი ყოველთვის დაიცავს. მე ვამაყობ, რომ ბატონი შოთა დემინაშვილი არსებობს. მისი ულევი სიკეთით, აზროვნებით, შრომისმოყვარეობით, ხალხისადმი დიდი სიყვარულით.  ერთი რამ ფაქტია, რომ  ეს ადამიანი უკან არასდროს იხევს, როდესაც საქმე ადამიანების დახმარებას ეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, ვინც ახლა ბატონი შოთას მიმართ ცრუ ბრალდებით გამოდიან, ფულადი დაინტერესება ამოძრავებთ და მეტი არაფერი. ამის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანს თავისი უამრავი და უანგაროდ გაკეთებული სიკეთე დაიფარავს.

ბატონო შოთა,  მე დედი ხანია არ მინახავს თქვენნაირი კეთილი, ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი! თქვენ საოცრებებს აკეთებთ და არა მარტო თქვენი ქალაქის, არამედ ქვეყნისთვის. თქვენი და ჩვენი საყვარელი თელავისთვის უამრავი სიკეთე გაქვთ გაკეთებული და ესეც გეყოფათ საამაყოდ. ვამაყობ, რომ გიცნობთ. დაგლოცოთ უფალმა, თქვენს არაჩეულებრივ ოჯახთან ერთად.“

ამავე მოსაზრებას იზიარებს პროდიუსერი ბექა ხალათაშვილიც: „მე არ ვიცი, ვისგან მოდის ასეთი ბინძური პიარ კამპანია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს ამბავი არის მიზანმიმართული ბატონი შოთას სახელის შესალახად, რადგან ეს ადამიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნება. მეგობრობის და სიკეთის ეტალონი. ამ ამბის ავტორები ერთ რაღაცაში ვერ გაერკვივნენ, ამით მას ვერაფერს დააკლებენ.  პირდაპირ ვამბობ, აქ ბატონი შოთას შვილი არაფერ შუაში არ არის. ეს არის შავი პიარი. დარწმუნებული ვარ, ამ ფანდს ქართული საზოგადოება არ შეჭამს და ძალიან მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და კიდევ ერთი: ნუ დავუკარგავთ ადამიანებს კეთილი საქმის კეთების სურვილსისედაც ამ ქვეყანაზე ძალიან ცოტა დარჩა სიკეთის მკეთებელი. “