ახალი ამბები

„ახმეტისა და ყვარლის რაიონთან მდებარე სოფლებში რუსული პასპორტები რიგდება“

გავრცელებული ინფორმაციით კახეთში, რუსეთმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო, საუბარია ავარეთ-დაღესტნის მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ექპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში შემწეობების, პენსიების თუ სხვა ეკონომიკურ–სოციალური სარგებელის მიღების შესაძლებლობა აქვთ:
,,საქართველოს მთავრობამ ამ საკითხებთან სისტემატურად უნდა იმუშაოს. საქართველოს მოქალაქე „რუსი პენსიონერები“, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ რუსული მოქალაქეობა, ისინი არიან რუსულ პენსიებზე თუ სხვა შემწეობებზე დამოკიდებული. მათ აქ ყოფნა ურჩევნიათ, მაგრამ რეალურად ისინი უკვე არიან რუსეთის მოქალაქეები. მე როგორც ვიცი ხალხის ეს რაოდენობა იზრდება. ჩნდება კითხვა – რის ფასად ხდება ეს ყველაფერი? რამდენად მიესადაგება კანონი საქართველოს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ამ ადამიანებს, რომლებიც უკვე ღიად აფიქსირებენ თავის სიმპათიას რუსეთის მიმართ და ასევე მხარს უჭერენ იმ გზის მშენებლობას, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საფრთხის შემცველი იყოს? საქართველსა და რუსეთს შორის დღეს არსებული მდგომარეობა ნამდვილად ვერ ჩაითვლება იმ დონეზე, რომ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას მეგობრობის და მშვიდობის გზა დაერქვას. რუსული მხარე გზას თავის მონაკვეთზე ისე აშენებს, რომ ქართულ მხარესთან ეს არაა ერთობლივად შემუშავებული. ამიტომ, სანამ მეტწილად არ გაირკვევა მთელი რიგი თემები, რა თქმა უნდა, ეს გზა საფრთხის შემცველია. რაც შეეხება საზღვრისპირა მაცხოვრებელ მოსახლეობას, რომლებსაც სისტემურად ურიგდებათ რუსეთის პასპორტები, ადრე თუ გვიან, შესაძლოა ისინი გამოყენებული იქნან ზუსტად იმ მიზნებისთვის, რომ გარკვეული არასტაბილურობა შეიტანონ ამ რაიონში. აქ, დასახლებული არიან როგორც ქართველები, ისე ოსები და ქისტები.”
მაჭავარიანისვე განცხადებით, პრობლემა პოლიტიკის არარსებობაა, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე:
,,ზოგადად, ეს თემა არის პრობლემური მოსაზღვრე რაიონებში – ეს შეიძლება იყოს ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ ამავე დროს, არიან ქართველები, რომლებიც იღებენ რუსეთის მოქალაქის პასპორტებს.”
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზღვართან გზის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის ჩაშლა იქ მცხოვრებმა ადგილობრივებმა სცადეს.
რამდენიმე დღის წინ კი ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა:
„ის, ვისაც არ ესმის ამ გზის მნიშვნელობა, ძალიან ცუდია. ამ გზაზე რუსული ტანკები ჩამოიხრიალებს პირდაპირ კახეთში. თუ ბატონ პრემიერს არ ესმის, რა დანიშნულება აქვს ამ გზას, ჯობია იხელმძღვანელოს ფორმულით, “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს,“ – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ავარო-კახეთის გზის მშენებლობაში ჩართული არ არის და საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
“ვემიჯნები ავარო-კახეთის გზას და ჩვენი მხრიდან არაფერი არ იგეგმება. გაუგებარია, ეს აჟიოტაჟი საიდან წამოვიდა. თუმცა, პრინციპში გასაგებია, საიდანაც. ჩვენგან არ იგეგმება არაფერი, არ ვმუშაობთ ამ საკითხზე, არ დგას დღის წესრიგში”, – განაცხადა პრემიერმა ავარეთ – კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ავარეთ-კახეთის გზა დაღესტანის ოთხ მთიან რეგიონს გაივლის. გზის მშენებლობა 30 მილიარდი რუბლი ჯდება.